იემენელმა მეამბოხეებმა მოძრაობა „ანსარ ალადან“ 23 ივნისს შეტევა მიიტანეს საუდის არაბეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, ღიად განაცხადეს ამის თაობაზე და თავიანთი იარაღის Patriot-ზე უპირატესობა წარმოაჩინეს.
ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან რამდენიმე მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა იყო გაშვებული, რომლებმაც 700 კმ-ზე მეტი გადალახეს და ერ-რიადის სამიზნეები დააზიანეს. Reuters-ის მონაცემებით, რაკეტები და უპილოტო აპარატები არმიის შტაბის, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაბაზის მიმართულებით იყო გაშვებული.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო სამიზნეები განადგურდა, მაგრამ მაინც შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ცალკეულმა რაკეტებმა (ან უპილოტოებმა) და ერ-რიადში თავისი ამოცანა შეასრულეს. თვითმხილველების თქმით, საუდის არაბეთის დედაქალაქში ორი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა და ბოლის სქელი კვამლიც შენიშნეს.
ერთ-ერთი ვერსიით, Patriot-ის კომპლექსებმა მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები საკუთარ აპარატებად ამოიცნეს და გაატარეს ისინი. შესაძლოა Patriot-ის იდენტიფიკაციის სისტემა გატეხეს ან რადიოელექტრონული საშუალებებით შეუტიეს. უარეს შემთხვევაში ტექნოლოგიურად არასრულყოფილმა „პატრიოტებმა“ უბრალოდ ვერ შენიშნეს დაბალკონტრასტული საჰაერო სამიზნეები. ასე იყო თუ ისე, საუდის არაბეთის კონფლიქტი იემენელ ჰუსიტებთან სულ უფრო მაღალტექნოლოგიური და საშიში ხდება მთელი რეგიონისთვის. ამასთან ამერიკული შეიარაღების რაოდენობრივი ზრდა არაფერზე არ ახდენს გავლენას.
Patriot-ი ის აღარაა
ჰუსიტები ირწმუნებიან, რომ საუდის არაბეთში თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას შეუტიეს. კოალიციის მონაცემებით, სამეფოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა 23 ივნისი დილით ოთხი უპილოტო რაკეტა და რამდენიმე უპილოტო-კამიკაძე ჩაიჭირეს, რომლებიც იემენელმა მეამბოხეებმა გაუშვეს ერ-რიადისა და ასევე ნაჯრანისა და ჯიზანის მიმართულებით. დამრტყმელი საშუალებების საერთო რაოდენობა უცნობია, ჰუსიტების თქმით, ჩატარდა „ფართომასშტაბიანი ოპერაცია“, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
შედარებისთვის: გასული წლის შემოდგომის ოპერაციისას მეამბოხეებმა 18 დრონი და შვიდი ფრთოსანი რაკეტა აამოქმედეს. ჰუსიტების წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ახალ დრონებს — „კასეფსა“ და „სამად-3-ს“ 1700 კმ-ს გადალახვის უნარი ჰქონდათ. აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს: ფრენის ასეთი სიშორით იემენურ კამიკაძე-დრონს საუდის არაბეთში ნებისმიერი მიმართულებიდან შეუძლია სამიზნეზე შეტევის მიტანა. ასეთ შემთხვევაში Patriot-ები უსარგებლო აღმოჩნდება, ვინაიდან სივრცეს შეზღუდულ სექტორში (90 გრადუსი) აკონტროლებენ. კომპლექს Patriot-ის დანიშნულება თვითმფრინავების, ბალისტიკური სამიზნეებისა და საშუალო სიშორის რაკეტების განადგურებაა. შედარებით მცირე მოიერიშე დრონები და ფრთოსანი რაკეტები — ეს არაპროფილური სამიზნეებია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მანამდე განაცხადა: „თვით მსოფლიოს საუკეთესო სისტემაც კი ყოველთვის ვერ ანადგურებს სამიზნეს“.
სარაკეტო შეიარაღება და მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები მთელ მსოფლიოში სწრაფად ვითარდება, ხოლო ამერიკული Patriot-ების მოდერნიზაცია ერთი ადგილის ტკეპნას ჰგავს მრავალი წლის განმავლობაში.
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების თანახმად, Patriot-ს შეუძლია იმ საჰაერო ობიექტების განადგურება, რომლებიც საათში 2500 კმ სიჩქარით მოძრაობენ — 100 კილომეტრამდე დისტანციაზე და 25 კმ სიმაღლეზე. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს ერთდროულად რვა სამიზნის დაცხრილვა შეუძლია. კომპლექსის რეაქციის დრო 15 წამია — რაც ძალიან ნელია. მის რადარს ხედვის 90 გრადუსი აქვს. მოკრძალებულ მახასიათებლებს ემატება არც ისე წარმატებული საბრძოლო გამოცდილება. მაგალითად, 1991 წელს ერაყის მიერ გაშვებული 91 რა კეტიდან ამერიკელებმა მხოლოდ 45-ის ჩამოგდება შეძლეს, რისთვისაც 158 საზენიტო რაკეტა დახარჯეს. ამერიკული კომპლექსების არსებითი ნაკლოვანება გამოდგა მცირე სიშორე და სამიზნის ჩაჭერის მცირე სიმაღლე — ოც და შვიდ კილომეტრზე ნაკლები. მათი შედარება თანამედროვე რუსულ С-350 Витязь-ის ანალოგებთან, არაკორექტულია — ტექნოლოგიის სფეროში ფანტასტიკური განსხვავებაა.
ამასთან ერთი Patriot-ი საერთაშორისო ბაზარზე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი ღირს. მა რტო 2017 წელს აშშ-მა საუდის არაბეთს 110 მლრდ დოლარის შეიარაღება მიჰყიდა — ეს უმსხვილესი გარიგებაა იარაღის კუთხის კაცობრიობის ისტორიაში. დიდი ალბათობით, ამ თანხის დიდი ნაწილი ტყუილუბრალოდ გაიფლანგა — ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების „სარეკლამო რგოლები“ აღარ გაგრძელებულა.
შემთხვევითი არ არის, რომ იაპონიამ უარი თქვა ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Aegis Ashore-ს შეძენასა და საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებაზე.
ადგილობრივი წარმოება?
კიდევ ერთხელ იმის თქმა, რომ იემენელი ამბოხებულები პროირანული წარმოშობისანი არიან და მათ ირანული იარაღი მიეწოდებათ, რეალობის გამარტივებაა.
ჰუსიტები ტექნოლოგიურად საკმაოდ დამოუკიდებლები არიან, თავდაჯერებულად აწარმოებენ მოქმედებებს ზღვაზე, და მანამდე საკუთარი წარმოების ახალი დრონებისა და რაკეტების გამოფენა წარმოადგინეს, რომელთა დანიშნულება საუდის არაბეთთან და არაბულ კოალიციასთან ბრძოლაა. შევნიშნავთ: საჰაერო შეტევის ამ საშუალებებს ასობით კილომეტრის გადალახვა და მიზანში ზუსტად მოხვედრა შეუძლიათ.
იემენში სუნიტებისა (სალაფიტები) და შიიტების (ჰუსიტები) კონფლიქტის ფესვები ღრმა წარსულშია. სამხედრო მოქმედებების მექანიკა მარტივია: ერთ მხარეს შიიტი-ჰუსიტები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, მეორე მხარეს სუნიტები, რომლებსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს. იემენის ჩრდილოეთში ნავთობსაბადოები არსებობს, ხოლო სამხრეთში — ნახშირწყალბადების ტრანზიტისთვის მნიშვნელოვანი პორტი ადენი. და ამ ფონზე ერ-რიადის სურვილი, აკონტროლოს ნაკადები, ლოგიკურად გამოიყურება.
P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!