COVID-19 - ბოლო ცნობები

„იმედი აღარაა“ - რუსული ტურისტული ფირმები ივლისის საგზურებს აუქმებენ

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამგზავრო ავიამიმოსვლა დახურა
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. რუსულმა ტუროპერატორებმა უცხოური საგზურების გაუქმება დაიწყეს გაურკვევლობის გამო, რომელიც საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შეიქმნა, იუწყება რადიო Sputnik Вестник АТОР-ზე დაყრდნობით.

საქართველო ცას 1 ივლისიდან გახსნის, მაგრამ არა ყველასთვის: პრემიერის განცხადება >>

ტურების გაუქმების შესახებ უკვე განაცხადეს ისეთმა მსხვილმა ტურისტულმა ფირმებმა, როგორებიცაა ANEX Tour, PEGAS Touristik, TEZ Tour, Coral Travel და Интурист. უკანასკნელმა 16 ივლისამდე ყველა საგზური გააუქმა, დანარჩენებმა - ივლისის ყველა ტური.

„ტუროპერატორებს დიდი იმედი არ აქვთ, რომ უახლოეს თვეში საერთაშორისო ტურიზმი აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ამისთვის მზად არ ვართ“ - ნათია თურნავამ განმარტა, რატომ არ გაიხსნა საქართველოს ცა

COVID-19 პანდემიის გამო რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამგზავრო ავიამიმოსვლა დახურა. გადამზიდავებს მხოლოდ თანამემამულეთა სამშობლოში ჩამოყვანა შეუძლიათ, ასევე სრულდება სატვირთო, საფოსტო, სანიტარული და ჰუმანიტარული რეისები, ტრანზიტული ფრენები ქვეყნის ტერიტორიაზე და რეისები, რომლებიც რუსეთის მთავრობის ცალკეული გადაწყვეტილებით ხორციელდება.

ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ფრენების აღდგენას ივლისში იმ შემთხვევაში შეძლებს, რაც ხელისუფლება ქვეყნის შიგნით გადაზიდვების უსაფრთხოებაში დარწმუნდება.

კორონავირუსის პანდემიამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო მოიცვა. ჯანმო-ს მონაცემებით, ინფექცია დაახლოებით 9,65 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 491 ათასზე მეტი დაიღუპა.

რუსეთში კორონავირუსის 627 ათასი შემთხვევა დადასტურდა. 393 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა და თითქმის 9000 - გარდაიცვალა.