„როგორც იქნა ჩვენ ვუბრუნდებით კულტურულ ცხოვრებას“ - პრეზიდენტი ეროვნულ გალერეას ესტუმრა

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კულტურული ობიექტების გახსნა მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. ის იმედოვნებს, რომ მუზეუმების შემდეგ თეატრებიც გაიხსნება.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში ესტუმრა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას, რომელიც დღეს გაიხსნა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

მუზეუმების ჯერიც დადგა – მუშაობას ისინი ხვალიდან განაახლებენ

კულტურული ცხოვრების აღდგენის მხარდაჭერის მიზნით, პრეზიდენტმა ეროვნული გალერეა დაათვალიერა და მოუწოდა საზოგადოებას იაქტიურონ, ბავშვებთან ერთად ეწვიონ უკვე გახსნილ მუზეუმებს.

„დღეს არის პირველი დღე, როცა გაიხსნა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, სადაც მომავალი კვირიდან გამოიფინება გია გუგუშვილისა და სოსო გაბაშვილის ნამუშევრები. როგორც იქნა ჩვენ ვუბრუნდებით კულტურულ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ჯერ არა ისე სრულყოფილად, როგორც მიჩვეულები ვიყავით, მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი და მისასალმებელი ნაბიჯია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს კულტურული ობიექტების გახსნა მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. ის იმედოვნებს, რომ მუზეუმების შემდეგ თეატრებიც გაიხსნება.

„მალე გაიხსნება სხვადასხვა მუზეუმები რეგიონებშიც. მუზეუმების გახსნა სხვა, დანარჩენი კულტურული სფეროების გახსნის საწყისია. შესაძლოა, თეატრებიც გაიხსნას ღია ცის ქვეშ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ პანდემიის პერიოდში კულტურა ძალიან დაზარალდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოში მუზეუმების და ნაკრძალების ეტაპობრივი გახსნა დაიწყო

მან აღნიშნა, რომ კულტურა აუცილებელია მოქალაქეების ყოველდღიური და ეროვნული ცხოვრებისთვის და ყველას მოუწოდა ესტუმრონ ეროვნულ გალერეას, საიდანაც ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ადამიანები კულტურულ ი ცხოვრების დაწყებას შეძლებენ.

30 ივნისს  გაიხსნება თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებლებს განახლებულ ექსპოზიციას წარუდგენს.

მუზეუმების და ნაკრძალების ეტაპობრივი გახსნა საქართველოში თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ შაბათს, 20 ივნისიდან დაიწყო.

მუზეუმებმა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მუშაობა ჯერ კიდევ მარტში შეწყვიტეს. საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქება 27 აპრილიდან დაიწყო. 15 ივნისიდან საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/26 ივნისი >>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.