„ამისთვის მზად არ ვართ“ - ნათია თურნავამ განმარტა, რატომ არ გაიხსნა საქართველოს ცა

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ შეუქმნას საფრთხე მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველომ გადადო ავიამიმოსვლის აღდგენა, რადგან ქვეყანა არ არის მზად მიიღოს მგზავრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველო ცას 1 ივლისიდან გახსნის, მაგრამ არა ყველასთვის: პრემიერის განცხადება >>

საქართველო გეგმავდა საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას 1 ივლისიდან, მაგრამ მოგვიანებით ეს თარიღი ერთი თვით გადაიწია.

„რეგულარული ფრენები ნიშნავდა, რომ ჩვენ ყველა ფრენისთვის უნდა გაგვეხსნა კარი ერთდროულად, რაც კი აქამდე არსებობდა და ეს 40-ზე მეტი ავიაკომპანიაა, არა მარტო ევროპიდან, არამედ ეს არის სამეზობლოდან ფრენები, ეს არის სპარსეთის ყურიდან ფრენები და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზარი ამისთვის მზად არ არის და ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც არსებობს“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია დღეისათვის არაცალსახაა როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა გადადო – როდემდე აიკრძალა ავიამიმოსვლა

ამავე დროს, მინისტრის თქმით, ხელისუფლებას არ აუკრძალავს ჩარტერული რეისები და უკვე განისაზღვრა სამი მიმართულება, სადაც იფრენს საქართველოს ავიაკომპანია „აირზენა“.

„ეს არ იქნება ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს“, - აღნიშნა თურნავამ.

ადრე ფრენების დაშვების შესახებ კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც განაცხადა.

საქართველომ განაცხადა, რომ 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს. რეისების აღდგენის თარიღის გადატანის შემდეგ ამ გეგმების შესაძლო ჩაშლის შესახებ ალაპარაკდნენ.