დიდი ხნის პაუზის შემდეგ: სახვითი ხელოვნების მუზეუმი იხსნება

მუზეუმი, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზებას მსოფლიოში, დიდი ხნის შესვენების შემდეგ გაიხსნება
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი 30 ივნისს განახლებული ექსპოზიციით გაიხსნება, ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

საქართველოში მუზეუმების და ნაკრძალების ეტაპობრივი გახსნა დაიწყო

დამთვალიერებელმა მუზეუმში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უნდა დაიცვას: ატაროს პირბადე და დაიცვას ორმეტრიანი დისტანცია. შესასვლელში სტუმრებს ელოდება თერმოსკრინინგი და ხელების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით.

„გიდით მომსახურების შემთხვევაში ტურის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 საათს, ხოლო ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა არის 10, სოციალური დისტანციის გათვალისწინებით; მუზეუმის პერსონალის მხრიდან მკაცრად იქნება გაკონტროლებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი", - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

მუზეუმის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეკომენდებულია ბილეთის ღირებულების პლასტიკური ბარათით გადახდა.