თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა და ორივე უკვე დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა კლინიკა.
„ორი ახალი შემთხვევა – ცნობილი წყაროებია, არსებულ დაავადებულებთან კონტაქტები არიან. მთავარია, წყარო ცნობილია, როცა წყარო ცნობილია, ის იმართება", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამჟამად საქართველოს COVID-ცენტრებში სულ 125 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი დაუდგინდა 919 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 760, გარდაიცვალა - 14. კარანტინში იმყოფება 2 687, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 260 ადამიანია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.