გახარია: პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოსთვის ყველაფერი შეცვალა

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკა, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდში, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიამ რეალობა უარესობისკენ შეცვალა, მიუხედავად იმისა, 2019 წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ძალიან კარგი იყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

გახარია კანონმდებლების წინაშე 2019–2020 წლებში მთავრობის პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშით წარდგა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესსა და მაჩვენებლებზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა სასტარტო პოზიცია აბსოლუტურად სხვაა“, – აღიშნა გახარიამ. 

უკვე მესამედ... კვლავ პარლამენტში – პრემიერს კანონმდებლები უსმენენ

მან განაცხადა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მიმართულია იქითკენ, რომ საკუთარი ძალებით მოხდეს ბიზნესის დახმარება და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. მისი სიტყვებით, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი მიმართულია როგორც მთავრობის პოლიტიკის, ისე კონკრეტული პროგრამების სისტემურ ცვლილებებზე.

„ეს პროგრამები კონკრეტულ ადამიანებზეა მიმართული. და ახლა ადამიანს, რომელსაც სურს ბიზნესის დაწყება, ოჯახის წევრებისა და მეგობრების დასაქმება, ამისთვის თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევს, ყველაფერი ადგილზე იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეკონომიკა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად რჩება. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უსაფრთხოება, წესრიგი და შიდა უსაფრთხოება გარანტირებულია, ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა გახარიამ. 
ევროპის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია საქართველოში ნავთობის მოპოვებით დაინტერესდა

მან ასევე განაცხადა, რომ ქართული ეკონომიკის საფუძველი და ფუნდამენტი ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი კერძო სექტორია, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს – სიღარიბესთან ბრძოლის ერთადერთ ინსტრუმენტს.

გახარიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელობაზე.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს არა მარტო გადასახადების დაწევა და ბიზნეს-გარემოს შექმნაა, არამედ მისი საფუძველი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია“, – აღნიშნა გახარიამ.

მან ასევე მიუთითა, რომ იცვლება გლობალური ეკონომიკა და საქართველომაც უნდა შეცვალოს საკუთარი ეკონომიკა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს განვითარების დამატებითი შესაძლებლობები ჰქონდეს“, – განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის ტურიზმზე დამოკიდებულებითა და მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისით ხსნიან.