ევროპის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია საქართველოში ნავთობის მოპოვებით დაინტერესდა

ტენდერის პირობების თანახმად, კომპანია თავდაპირველად სეისმურ საძიებო სამუშაოებს ჩაატარებს, ბოლო ეტაპზე კი ბურღვას დაიწყებს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ავსტრიულმა კომპანიამ OMV PETROM S.A. შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა, ნათქვამია საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

კომპანია OMV PETROM S.A. ავსტრიული ჰოლდინგი OMV-ს (Österreichische Mineralölverwaltung AG) ნაწილია, რომელიც 1956 წელს დაფუძნდა. 

ნავთობპროდუქტების იმპორტი: საქართველოში საწვავზე ფასი დაეცა, მოხმარება კი არ იზრდება

კომპანიამ შავი ზღვის სანაპიროებთან 5,3 ათასი კვადრატული კილომეტრის შელფურ მონაკვეთზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

ტენდერის პირობების თანახმად, კომპანია თავდაპირველად სეისმურ საძიებო სამუშაოებს ჩაატარებს, ბოლო ეტაპზე კი ბურღვას დაიწყებს.

ტენდერის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში ბიზნეს-გარემო, მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში, იმდენად გამჭვირვალე, მიმზიდველი და გასაგებია მსოფლიო გიგანტებისთვის, რომ კომპანიამ, რომელიც ავსტრიაში მეორე და ევროპაში მეათეა ნავთობმოპოვების კუთხით, საქართველოში საქმიანობის სურვილი გამოთქვა“, – განაცხადა თურნავამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ავსტრიულ კომპანიასთან კონტრაქტი უახლოეს დროში გაფორმდება და საქართველოს სანაპიროსთან, შავი ზღვის შელფზე პირველად დაიწყება ნავთობის მოძიება და მოპოვება.

კომპანიას წარმატებული გამოცდილება აქვს ნავთობის საბადოს მოძიების. მან რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის საბადო აღმოაჩინა, რომლის რესურსების ღირებულება 1,5 მლრდ დოლარია.

საქართველოში 2019 წელს 30 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და 10 მლრდ კუბომეტრამდე გაზი მოიპოვეს. ქვეყანა წელიწადში საშუალოდ 1,2 მლნ ტონა ნავთობპროდუქტს და 2,5 მლრდ კუბომეტრ გაზს მოიხმარს. ნახშირწყალბადების (ნავთობი და გაზი) იმპორტი ძირითადად ხორციელდება აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან.