როგორ ემზადება ქვეყანა ახალი სასწავლო წლისთვის – განათლების უწყება შერეულ მოდელზე მუშაობს

COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოს სკოლებში სწავლა ჯერ კიდევ მარტში ვირტუალურ რეჟიმზე გადავიდა. საუბარია დაახლოებით 600 ათას მოსწავლეზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო ახალი, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას შერეული მოდელით განიხილავს, იუწყება პირველი არხი.

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის თქმით, უწყების მთავარი მიზანი ამჟამად მოსწავლეების კლასში დაბრუნებაა, თუმცა სამინისტროს სპეციალისტები ერთდროულად რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ – სწავლების შერეულ მოდელზეც და სკოლებში სასწავლო პროცესის სრულ აღდგენაზეც.

ზედმეტი არ იქნება: საქართველოში ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე მუშაობენ

უწყებაში აღნიშნავენ, რომ განათლების სამინისტრო სწავლის დაგეგმილ დროს – 15 სექტემბერს დაწყებისთვის ემზადება.

„სწორედ ახლა ვართ პროცესში, როდესაც ვგეგმავთ, თუ რა ფორმით შევთავაზებთ მოსწავლეებს განათლებას. მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მიზანია – მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და საკლასო ოთახში განახლდეს სასწავლო პროცესი", – განაცხადა დგებუაძემ.

საზოგადოება ასევე აქტიურად განიხილავს ასეთ ვარიანტს: რომ დაწყებით კლასებში სწავლა განახლდება უშუალოდ სკოლებში, ხოლო უფროსკლასელები ონლაინ ისწავლიან. ამ კითხვაზე დგებუაძემ უპასუხა, რომ განიხილება ბევრი ვარიანტი.

„ვერსია არის ძალიან ბევრი და ყველა სიტუაციისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. ეს იქნება შერეული მოდელი თუ საგაკვეთილო პროცესი მთლიანად საკლასო ოთახში წარიმართება, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია", – აღნიშნა დგებუაძემ.

რა ახალი წესები შეიძლება ამოქმედდეს აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე

მისი თქმით, განათლების უწყება, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან, უახლოეს პერიოდში გამართავს ბრიფინგს და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის იმ სიახლეებზე, რომლებიც მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალ სასწავლო წელს ელოდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება საქართველოს სკოლებში მარტიდან დისტანციურ რეჟიმზე – ინტერნეტისა და სატელევიზიო პროგრამების მეშვეობით სწავლაზე გადავიდა. საქართველოში დაახლოებით 600 ათასი მოსწავლეა.

ამჟამად ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება შედარებით მშვიდია, ყოველდღიურად კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ვლინდება. მაგრამ ეპიდემიოლოგები შემოდგომაზე მეორე ტალღას ელოდებიან. აქედან გამომდინარე, სასწავლო წლის აღდგენა სკოლებში და თან დაგეგმილ დროს – ქვეყანაში ეპიდემიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.