ფეხბურთელ შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს

უახლოეს პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებებთან და საქმის ახალ დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა ერთბაშად 17 ადამიანის დაკავების შესახებ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე.

დაკარგული ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ, რაშიც 70-მდე მაშველი მონაწილეობდა, მყვინთავებმა 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს იმ ადგილთან ახლოს, სადაც ის ბოლოს ნახეს ცოცხალი.

„ოქროს მოწმეები“, მორაგბეები, ფოტოგრაფი – ვინ ამბობს სიმართლეს გიორგი შაქარაშვილის საქმეში

ადვოკატი მუხრან ღურწკაია ადასტურებს ინფორმაციას, რომ დაკავებულია 17 ადამიანი.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ საქმის მოწმეები არიან, ისხდნენ ერთ-ერთ ავტომობილში. ისინი არ დაუკავებიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ სხვა პირები, 17 პირი დააკავეს ძალადობაზე", – განაცხადა ღურწკაიამ პირველი არხის ეთერში.

კიდევ ერთი ადვოკატის დავით ჭიკაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობაზე დააკავეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე: მკვლელობა თუ... რა დაადგინა ექსპერტიზამ>>

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ერთ-ერთი დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფია. ის ძალადობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე მუხლით დააკავეს. გადაიყვანეს დიღმის განყოფილებაში. მისი თქმით, სხვა დაკავებულების შესახებ არაფერი იცის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი ნამდვილად დიღომში იმყოფება.

ვინ არის ევროპის ჩემპიონი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხეს

შსს-ს ინფორმაციით, რომელიც მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა, 18 ივნისის საღამოს შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე, მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში იმყოფებოდა. იმ საღამოს იქ 35-დან 40-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო, რომელიც შემდეგ ავტობანზე გაგრძელდა. კონფლიქტის დროს გიორგიმ გაქცევა შეძლო. თუმცა იგი ამის შემდეგ არავის უნახავს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოიკითხა 50-ზე მეტი ადამიანი. ბოლოს ცოცხალი ის მისმა მეგობარმა ნახა, რომელიც საქმეში მთავარ მოწმედ გამოდის. შსს უახლოეს პერიოდში კომენტარს გააკეთებს დაკავებებთან დაკავშირებით.