სოცმუშაკების პრობლემებით ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამუშაო ჯგუფი დაკავდება

სოცაგენტები, რომლებიც გაფიცვის გამოცხადებას აანონსებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხელფასს არ მოუმატებდნენ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სოციალური აგენტების ხელფასი 100 ლარით გაიზარდება, მათი პრობლემების გადაჭრით დაკავდება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება - ასეთია სოცაგენტების შეხვედრის შედეგები მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან.

სოცმომსახურების სააგენტომ 43 თანამშრომელი დაითხოვა >>

სოციალური აგენტის, გია მეჩიტაშვილის თქმით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, შეხვედრას ტყუილად არ ჩაუვლია და სახეზეა გარკვეული შედეგები.

„ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა შეხვედრის გამო ჩატარდა, რადგან მიღწეულია გარკვეული, პატარა შედეგი. შემოგვთავაზეს სამუშაო ჯგუფის შექმნა და ადმინისტრირების დეპარტამენტთან ერთობლივი მუშაობა. მოგვცეს პირობა, რომ ხელფასს 100-ლარიანი სატრანსპორტო ხარჯი დაემატება“, - განაცხადა მეჩიტაშვილმა.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დაადასტურა, რომ სოციალური აგენტების ხელფასი და სატრანსპორტო ხარჯები გაიზრდება.

ოჯახების შეფასებისას სოცაგენტები სამხრე კამერებით აღიჭურვებიან

„სოციალური აგენტები ხელფასს იღებენ გამომუშავებით, იმის მიხედვით, თუ რამდენ ოჯახში ახორციელებენ ვიზიტს. დამატებით ფიქსირებულად იღებენ 100 ლარს, რაზეც მინისტრმა უკვე მოგვცა დავალება და შეჯერებული ვართ, რომ ეს თანხა გაორმაგდება და შესაბამისად გახდება 200 ლარი. ეს არის რეორგანიზაციული ნაწილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. შესაბამისად სოციალური აგენტებისთვის ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც უახლოეს პერიოდში კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი 80 ლარს შეადგენს. ბენეფიციართან თითოეული ინტერვიუსთვის ისინი დამატებით 4 ლარს და 80 თეთრს იღებენ. საუკეთესო შემთხვევაშიც კი სოციალური აგენტების ხელფასი 700 ლარს არ აღემატება.

სოციალური აგენტები ხელფასის გაზრდას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვას აანონსებდნენ.