თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. რუსულმა მხარემ მიიღო ქართული მხარის შეტყობინება რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვის დაკავების შესახებ ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, განუცხადეს РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თბილისში 12 ივნისს სპეცოპერაციის დროს ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მკვლელობის მომზადების საქმეს იძიებს.
„მიმართვის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ქართული მხარის შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრალდებულის სტატუსით დაკავებულია1982 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
უწყებაში განაცხადეს, რომ „ქართული ხელისუფლების მიერ რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან სიტუაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა სექციის თვალთახედვის არეშია“.
„ბრალდების ხასიათის გათვალისწინებით გავაგრძელებთ ძალისხმევას დაკავებულის ვინაობის დასადგენად და მის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობის არსებობის დადასტურების კუთხით“, - აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ადრე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 12 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს რუსეთის მოქალაქე, თითქოსდა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის.
„მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ საუბარია ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შეკვეთილ მკვლელობაზე გასულ ზაფხულს ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფისთვის პირდაპირ ეთერში. ტელეარხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა ხმამაღალი განცხადება, თითქოსდა მკვლელობა მზადდებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის შეკვეთით და თითქოსდა თბილისს ამის შესახებ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა აცნობეს.
მოგვიანებით კრემლში განაცხადეს, რომ ნებისმიერი ეჭვი, თითქოს რუსეთის ხელისუფლებას ქართველ ჟურნალისტზე გიორგი გაბუნიაზე თავდასხმა სურდა, აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება. მანამდე კადიროვმა ასევე უარყო ბრალდებები და თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ „საერთოდ არ აინტერესებს ბედისგან დაჩაგრული ადამიანების იგავები“, ხოლო თავად ჟურნალისტ „განდიდების მანია აწუხებს“.