თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი სამი მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად, მოინიშნება გზის ის მონაკვეთები, სადაც ყველაზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხდება.
საქართველოს გზებზე უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო. 2019 წელს ქვეყანაში 481 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 7,9 ათასი დაშავდა. 2020 წლის პირველ კვარტალში ავტოავარიებს ემსხვერპლა 134 ადამიანი და დაშავდა 1,6 ათასი.
მიღებული შესწორებების თანახმად, კანონში გაჩნდება ახალი ჩანაწერი „შავი წერტილი“ გზაზე.
„შავ წერტილად“ განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც სამი წლის განმავლობაში მოხდა არანაკლებ ოთხი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელიც დასრულდა სიკვდილით ან სხეულის მძიმე დაზიანებებით, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათ ადამიანს.
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ შსს ვალდებულია ეს „შავი წერტილები“ დაადგინოს და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მთავრობას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები „შავი წერტილის“ აღმოფხვრის და მასზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, რაც, შესაძლოა, გულისხმობდეს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას.
კონკრეტულად სად მოხდება „შავი წერტილების“ მონიშვნა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, საქართველოს შსს-ს სტატისტიკას თუ დავუჯერებით, საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობით ლიდერობს თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები, მესამე ადგილზე კახეთია.
გზებზე უსაფრთხოება პრიორიტეტია
საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში გამკაცრდა სასჯელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. მას შემდეგ ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა: მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევების შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლი მართვის მოწმობის გარეშე რჩება. ქულების დაკლების სისტემა არ ვრცელდება ვიდეოჯარიმებზე.
2017 წლის ნოემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდა სიჩქარის მზომი სექციური რადარები და ე.წ. „ჭკვიანი კამერები", რომელთა მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათ შეუძლიათ წესრიგის დამრღვევის ავტომატურ რეჟიმში ამოცნობა და ჯარიმის გამოწერა. ისინი შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში განთავსებული ვიდეოანალიტიკური პროგრამების მეშვეობით მუშაობენ. 2018 წლიდან დაიწყო გზებზე ვიდეოდაკვირვების ეროვნული სისტემის სრული განახლება.