თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელთათვის წესები მარტივდება - წელს აბიტურიენტები სამის ნაცვლად ერთი გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ, იუწყება „Sputnik-სომხეთი".
შესაბამის კანონში სათანადო ცვლილებების პროექტი პარლამენტის სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ არუთუნიანმა წარადგინა.
მინისტრის განცხადებით, უწყებამ მისაღებ გამოცდებზე პროცედურების შემცირება გადაწყვიტა, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული კორონავირუსით ინფიცირების რისკები. ამიტომ ტრადიციული ორი ან სამი გამოცდიდან პროფილურ დისციპლინებში დარჩება ერთი. რომელი იქნება ეს დისციპლინა, ამას უმაღლესი სასწავლებელი თითოეული კონკრეტული სპეციალობისთვის განსაზღვრავს.
ასევე, სამინისტროს სურს, რომ ასეთი წესი დაამკვიდროს არა მხოლოდ ამჟამინდელი კორონავირუსის პანდემიის დროს, არამედ მომავალში ნებისმიერი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში.
განახლდება თუ არა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ, აღნიშნა მინისტრმა. ეს საკითხი, სხვა საკითხების მსგავსად, დამოუკიდებული იქნება მოქალაქეების პასუხისმგებლიან საქციელზე, აღნიშნა არუთუნიანმა.
ქვეყანაში უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში სწავლა მარტის შუა რიცხვებიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. გაუქმდა გამოსაშვები გამოცდები და ბოლო ზარი.