ეროვნული გამოცდები პირბადეების გარეშე? რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. აბიტურიენტებს შესაძლოა, ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე მუშაობის უფლება მიეცეთ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე მუშაობის პროცესში პირბადის გამოყენება აღარ მოეთხოვოთ. აღნიშნულ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

„მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ გარკვეულწილად. საზოგადოების მოლოდინი არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი, ამ შემთხვევაში იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ, სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რამდენად დასაშვები იქნება, რომ იქ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ საკითხზე რამდენიმე დღეში დაზუსტებული პასუხი ცნობილი იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, თითოეული საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე მეტი, ხოლო საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი – ერთი მეტრი.

COVID-19 და არჩევნები: როგორი იქნება გამყრელიძის რეკომენდაციები

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი ან გამოყენებითი ხელოვნება, ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდას აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.