თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული დახმარება 50 ათასამდე ოჯახს გაეწია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები – ხანდაზმული და სოციალურად დაუცველი პირები. კარანტინის დროს 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს ეკრძალებოდათ სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიოდნენ.
ამიტომაც თბილისის მერიამ აამოქმედა პროგრამა, რომლის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო ქალაქის მსხვილ ჰიპერმარკეტებში პროდუქტის შეძენით დახმარებოდნენ შეჭირვებულთ.
კალაძის თქმით, დახმარების პროგრამაში მონაწილეობა ასევე მიიღო მრავალმა მეწარმემ და რიგითმა მოქალაქემ, რისთვისაც ქალაქის მერმა მათ მადლობა გადაუხადა.
„დაახლოებით 50 ათასამდე ოჯახში ვიყავით შესული და მათ პროდუქტები გადავეცით. ზუსტ ციფრებზე საუბარი ძნელია, რადგანაც ეს იყო შემოწირულობა. ეს თანხა არ იყო მერიის სარეზერვო ფონდიდან, ეს იყო ბიზნეს-სექტორის მხრიდან გაკეთებული შემოწირულობა", – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ პროდუქტების გარდა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მერიას ხანდაზმული ადამიანების სამედიცინო პირბადეებითა და დამცავი ფარებით უზრუნველყოფაში დაეხმარნენ.