ენერგოეფექტურობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე მთავრობებისთვის რეკომენდაციები შემუშავდება

ყველა მთავრობას გაეგზავნება რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ენერგოეფექტურობის ამაღლება და დარგში მეტი ინვესტიციების მოზიდვა
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიური გლობალური კონფერენციის გახსნაში, სადაც გრძელვადიანი ენერგოპროგრამის შემუშავების და ენერგოუსაფრთხოებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ღონისძიება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ არის ორგანიზებული. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ევროკომისიის და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები. კონფერენცია კორონავირუსის გამო ონლაინ-რეჟიმში იმართება.

თბილისში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობას იწყებენ

„ენერგოუსაფრთხოების დასანერგად საჭიროა ახალი სტანდარტები და რეგულაციები. საქართველო მოდერნიზაციის პროცესს გადის და მას ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა სჭირდება, ასევე ადეკვატური პოლიტიკის გატარება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ვფიქრობ, რომ მცირე რესურსებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დღეს ენერგოუსაფრთხოება ზოგიერთ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხად იქცა. ენერგოეფექტურობისკენ უამრავი გზა არსებობს, რომელიც მთელი მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. ექსპერტები თვლიან, რომ 10 წელიწადში ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები, მათ შორის პრიორიტეტულია ჰესების მშენებლობა. ასევე შეინიშნება ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია.

ბათუმი პირველია: საქართველოში ელექტროავტობუსები შემოდის

პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 2030 წლისთვის 22 მილიარდ კილოვატ-საათს მიაღწევს, დღეს კი ის 13 მილიარდს შეადგენს.

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 13,4 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოხმარდა, ხოლო 11,9 მილიარდი კილოვატ-საათი გამომუშავდა. წარმოებული ენერგიის დიდი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 8,9 მილიარდი კილოვატ-საათი, თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 2.4 მილიარდი კილოვატ-საათი, ხოლო ქართლის ქარის სადგურმა - 84,7 მილიონი კილოვატ-საათი.

ამასთან დაკავშირებით, საქართველო იძულებული გახდა მეზობლებისგან ელექტროენერგია შეესყიდა. იმპორტი 1.6 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენდა. ხოლო ექსპორტი 243 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს.

ენერგოეფექტურობის როლი

კონფერენციის ორგანიზატორების აზრით, ენერგოეფექტურობა მთავარ როლს ასრულებს სოციალურ განვითარებაში, ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლაში. ბევრმა ქვეყანამ წარმატებით დანერგა ენერგოეფექტურობის პოლიტიკა, რამაც გამოიწვია რამდენიმე დადებითი შედეგი სამუშაო ადგილების, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, მდგრადობისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამასთან, IEA-ს ანალიზმა აჩვენა, რომ ენერგოეფექტურობის სფეროში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი ელემენტი იქნება გლობალური კომისიის რეკომენდაციების მომზადება, რომლებიც ენერგოეფექტურობის სფეროში გადაუდებელ მოქმედებებს შეეხება. ორგანიზატორების განმარტებით, ეს რეკომენდაციები ყველა მთავრობას უჩვენებს, თუ როგორ უნდა წახალისდეს ენერგოეფექტურობის გაზრდა, ეკონომიკური აღორძინების დროს როგორ უნდა მოიზიდოს მეტი ინვესტიცია და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.