თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქორწინდებოდნენ, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მანქანა ათხოვა.
როგორც გადაცემა „რეაქციაში“ ჩერგოლეიშვილმა გაიხსენა, ეს ის ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ბიზნესმენი პირადად ნახა.
„ვქორწინდებოდით მე და გიგა. ვითხოვეთ მანქანა და მივდიოდით გრიგოლეთში. გზაში მანქანამ წყალი აადუღა და გავჩერდით „ციცინათელასთან“. ჩამოიარა ორმა სამხედრო ნომრებიანმა მანქანამ. გააჩერეს და ერთ-ერთ მანქანიდან გამხდარმა კაცმა გვითხრა, რომ მანქანას გვათხოვებდა. არც ვიცოდით ვინ იყო. გვეგონა, რომ თავდაცვის სამინისტროს მანქანაში ვიჯექით და მძოლმა გვითხრა, რომ ეს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იყო“, - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, ეს 2005 წლის აგვისტო იყო, როდესაც ვიზუალურად როგორ გამოიყურებოდა ბიძინა ივანიშვილი, არავინ იცოდა.