თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში 2020-2021 წლისთვის რეგისტრაციის დაწყების შემდეგ თავისუფალი ადგილების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა – თითქმის 4,4 ათასი.
თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის ინფორმაციით, რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყო. პირველ ეტაპზე 3 044 აღსაზრდელი დარეგისტრირდა – ესენი გარკვეული სოციალური კატეგორიის ბავშვები არიან. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების შემდეგ კი, 19 ივნისიდან დღემდე ბაღებში ჩაირიცხა 7 508 აღსაზრდელი.
„ბაღებში რეგისტრაცია გრძელდება. 23 ივნისის მდგომარეობით, დარჩენილია 4 386 თავისუფალი ადგილი, სადაც მშობლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ელექტრონულად რეგისტრაციის გავლა“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მან აღნიშნა, რომ თბილისში არის ისეთი რაიონები, სადაც ბაღებზე მოთხოვნა მაღალია, ბაღების რაოდენობა კი მცირეა.
გვანცელაძემ ასევე განაცხადა, რომ შემოდგომაზე დედაქალაქში იგეგმება ოთხი ახალი საბავშვო ბაღის გახსნა – გლდანში, ვარკეთილში და დიდუბეში, სადაც ამჟამად ასევე მიმდინარეობს რეგისტრაცია.
შესაბამისად, შემოდგომაზე დედაქალაქში სულ 185 ბაღი იქნება.