მტრისთვის ნაჩუქარი სიცოცხლე: ამბავი მხცოვანი ქართველი გმირისა

უკვე სიბერემორეულ სახელოვან მეომარს, რომელსაც უწინდებურად აღარც მკლავი ერჩოდა და აღარც მუხლი, მყის ლომკაცი ყიზილბაშისკენ გაუჭენებია ცხენი შურის საძიებლად და მოკლული ქართველი ვაჟკაცების სისხლის ასაღებად...
Sputnik

საქართველოს ისტორია სავსეა გმირებითა და ჰეროიკული მოვლენებით. ჩვენ მხოლოდ მათი მოძებნა და სააშკარაოზე გამოტანაღა დაგვრჩენია. დიდმა ილიამ სერიოზულად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს და მრავალი ისტორიული გმირი გაგვიცოცხლა. მათ შორის გახლდათ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, რომელიც მწერალმა ლეგენდის საბურველში გახვია და ისე მიიტანა მკითხველამდე. არადა, ამ ლეგენდის უკან რეალური ისტორიული პიროვნება იკვეთება. 

მილიონერი თუ გლეხების შემწე: სიმართლე სახელგანთქმულ ქართველ ყაჩაღზე

ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი ქართლის მეფე გიორგი XI-ის ერთგული ჯარისკაცი იყო. მასზე წერდნენ, რომ ხმლის ერთი მოქნევით ცხრა კაცს უსულოდ ანარცხებდა მიწაზე. ქართველები ოდითგანვე გამოვირჩეოდით სამხედრო საქმის უბადლო ცოდნით და არც ძალგულოვანი ვაჟკაცების ნაკლებობას განვიცდიდით, მაგრამ გოსტაშაბიშვილისნაირები მართლაც ერთეულები იყვნენ.

1675 წელს ქართლის გამგებელი (ვალი) შაჰნავაზ I (იგივე ვახტანგ V) ირანის ქალაქ ყუმში გარდაიცვალა. ირანის შაჰმა სულეიმან I-მა ქართლის ვალად შაჰნავაზის შუათანა ძე — უფლისწული გიორგი გამოუშვა. წესით, ქართლის ტახტი უფროს ძეს არჩილს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ის პროთურქულად იყო განწყობილი და თავს ახალციხის ფაშას აფარებდა, არჩევანი მომდევნო უფლისწულზე შეჩერდა. გიორგი იძულებული გახდა მუსლიმანობა მიეღო და შაჰნავაზ II-ის სახელით შესდგომოდა ქართლში მეფობას.   

გიორგი XI, მართალია, შაჰის ვასალი იყო, მაგრამ მისგან დამოუკიდებელ და ხშირად საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებდა. მეფის მთავარი მიზანი ქართლისა და მთლიანად საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. ამიტომაც 1679 წლიდან ევროპელ მონარქებთან და რომის პაპთან გააბა ურთიერთობა. გიორგი XI-ს სურდა, რომის პაპიცა და კათოლიციზმიც საქართველოს სასიკეთოდ გამოეყენებინა. პაპმა ინოკენტიმ მას კეთილგანწყობის გამომხატველი წერილი მოსწერა და ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი გამოუგზავნა. კათოლიკე მისიონერთა ცნობით, 1686 წელს გიორგის კათოლიკობა მიუღია.

ვიკინგები სასირეთის ჭალაში: ბაღვაშთან დამარცხებული და სირცხვილნაჭამი სარდალი ინგვარი

გარდა ამისა, გიორგი მეფე კახელებს განჯის ხანის — სელიმის განდევნაშიც დახმარებია, რომელიც შაჰის ყურმოჭრილი ყმა იყო.

ამ და სხვა მიზეზთა გამო შაჰმა 1688 წელს ტახტიდან გადააყენა ურჩი ვასალი და მის ნაცვლად ქართლში ერეკლე I, იგივე ნაზარალი ხანი გამოგზავნა. გიორგი XI-მ შემოიკრიბა ერთგული პატრიოტები (მათ შორის იყო ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილიც), დაუკავშირდა იმერეთის მეფე-მთავრებს და აჯაყება წამოიწყო. სულეიმან შაჰის პასუხმაც არ დაახანა და აჯანყების ჩასაქრობად ჯარი გამოგზავნა.

მეფე ერთხანს კარგად გამაგრებულ რკონის ხეობას აფარებდა თავს ოჯახთან და ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად. იქიდან განაგრძობდა ბრძოლას ნაზარალი ხანის წინააღმდეგ.

ზუტად როდის და სად გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, უცნობია. სავარაუდოდ ის 1699 წლამდე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ამ დროისთვის ჩვენი გმირი — ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი უკვე მანგლელი ეპისკოპოსი იყო.

გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ სპარსი და ქართველი მეომრები. ცხარე ბრძოლაში უცბად ერთი ყიზილბაში თავისიანებს გამოეყო და ქართველების რიგებისკენ გამოაჭენა ცხენი. მიუახლოვდა მათ და ორთაბრძოლაში გამოიწვია. იწყინეს ქართველმა ვაჟკაცებმა ყიზილბაშის ასეთი სითამამე და მასთან შესახვედრად ერთი ყმაწვილი მაშინვე გაიჭრა. სპარსელმა პირველივე შეტაკებისას ჰკრა შუბი მეტოქეს და გულის ფიცარი შეუნგრია. საბრალო ვაჟკაცი უსულოდ დაეცა მიწაზე.

ქიზიყელთა განთქმული ბელადი და მეფის ერთგული მეომარი: ამბავი „შავი პაატასი“

სისხლი მოაწვათ ამის შემხედვარე ქართველებს. მყის მეორე მეომარი გავიდა ორთაბრძოლაში და... ისევ იმარჯვა ყიზილბაშმა, ხანმოკლე ბრძოლის შედეგ ისიც განგმირა. იგივე ბედი ეწია მესამესაც, მეოთხესაც, მეხუთესაც... ერთმანეთზე უკეთესი ვაჟკაცები მოსრა გაყოყოჩებულმა სპარსელმა.

სიმწრით ტუჩებს იკვნეტნენ მრავალ ბრძოლაში ნაცადი ქართველები. სირცხვილი ახრჩობდათ, რომ ვიღაც ყიზილბაში მათზე ძლიერი გამოდგა. ამიტომაც უხმეს ბრძოლაში გართულ გოსტაშაბიშვილს — განთქმულ და სახელოვან მეომარს, თუმცა უკვე სიბერემორეულს. მას უწინდებურად აღარც მკლავი ერჩოდა და აღარც მუხლი, მაგრამ შურისძიების წყურვილით ანთებულს დიდხანს არ უფიქრია, მყის ყიზილბაშისკენ გაქუსლა.

სპარსელი მოღერებული შუბით დაუხვდა თმაშევერცხლილ მეომარს. გოსტაშაბაშვილმა ხმალი აუკრა და დარტყმა აირიდა. ქართველებმა ყიჟინა დასცეს. სანამ ყიზილბაში მეორედ შეუტევდა, გოსტაშაბიშვილმა ხმალი შემოჰკრა მას. სპარსელმა ფარი დაახვედრა მახვილს, მაგრამ ისე ღონივრად მოექნია ქართველს ხმალი, რომ მომხდური ცხენიდან გადმოვარდა. გაუძნელდა სპარსელს ფეხზე ადგომა. გოსტაშაბაშვილი ცხენიდან ჩამოხტა, ყიზილბაში ფეხზე ააყენა და უთხრა – შენი თავი შენივე ვაჟკაცობისთვის მიპატიებიაო.

— თუ ვინმესგან სიცოცხლეს ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისაგანო, – უპასუხა ყიზილბაშმა და ბრძოლის ველს გაეცალა...

მართალია, აჯანყებული გიორგი XI მაშინ დამაცხდა, მაგრამ სპარსეთს ავღანეთი აუჯანყდა და შაჰს ისევ დასჭირდა ქართველების დახმარება. ჰუსეინმა ყოფილი ვალი შეირიგა და 1703 წელს ქართლის ტახტი დაუბრუნა.

რაც შეეხება ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს, როგორც ჩანს, მან სიცოცხლის ბოლო წლები მონასტერში გაატარა და მანგლისის ეპისკოპოსობამდეც კი მიუღწევია.