COVID-19 და არჩევნები: როგორი იქნება გამყრელიძის რეკომენდაციები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოში არ არის გამორიცხული კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოში დღეს შექმნილი ეპიდვითარება არჩევნების ჩატარების, სასწავლო პროცესის დაწყებისა და სხვა ღონისძიებების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ არავინ იცის, როგორი ვითარება იქნება ხვალ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც პანდემიის პირობებში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გამართვის საკითხი განიხილეს. 

საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები შესაძლოა ერთდროულად ჩატარდეს

გამყრელიძის თქმით, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ხოლო მეორე მხრივ – ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია მოხდეს.

„ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიის პერიოდში ზოგმა გადადო არჩევნები, ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა. გუშინ სერბეთში ჩატარდა, რამდენიმე დღის წინ კი საფრანგეთში… ნოემბერში აშშ-ში არჩევნებია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს თავისი რეკომენდაციები. მიმდინარეობს საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ახლა არსებული ეპიდვითარება რეგიონში საუკეთესოა და არჩევნების ჩატარების, სასწავლო პროცესის დაწყების საშუალებას იძლევა, თუმცა იმის პროგნოზი, რა მოხდება შემდეგ ოთხ თვეში – რთულია, რამდენადაც გლობალურად, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკუთარ რეკომენდაციებს გასცემს, აღნიშნა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია, რაც შეზღუდვების შერბილების პოლიტიკის გაგრძელების საშუალებას იძლევა. დღეში 5-10 შემთხვევის გამოვლენა პანიკის საფუძველი არ არის, მთავარია, რომ შემთხვევებმა დღეში რამდენიმე ათეულს არ გადააჭარბოს, აღნიშნა მან.

მოცემულ მომენტში „კოვიდ-ცენტრებში“ 133 პაციენტი მკურნალობს.

პირბადე, დეზინფექტორი, თერმოსკრინინგი – კიდევ რა მოთხოვნები დაწესდება საარჩევნოდ

საქართველოში  კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 908-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 761 ადამიანი, გარდაიცვალა – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოში არ არის გამორიცხული კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა. შესაბამისად, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ წესი იმოქმედებს.

საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იმოქმედებს – შესასვლელში დამონტაჟდება დეზინფექტორები, ამომრჩეველს კი თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. კომისიის წევრებმა, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბიულეტენებთან, კონვერტებთან, სიებთან, უნდა გამოიყენონ ხელთათმანები.

ეს გადაწყვეტილებები პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია. ამჟამად პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ უბნებზე უსაფრთხოების ზომებზე, რომლებიც კენჭისყრის პროცესის გამჭვირვალობას არ შეაფერხებს, ხოლო ამომრჩევლებსა და კომისიის წევრებს ინფიცირებისგან დაიცავს.

არჩევნების გამართვის შესახებ საბოლოო პირობები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.