„ლავასოღლი“ თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს

თურქულმა მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს რამდენიმე დღე მისცა ქვეყნის დასატოვებლად. ლავასოღლი პირველივე ავიარეისით მინსკში ჩაფრინდა.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ცნობილი კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან კრიმინალური ავტორიტეტების მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში „ლავასოღლის“ კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იღებდა მათგან ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებულ ვითარებაზე და აძლევდა მითითებებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. იგი მონაწილეობდა ასევე ქურდული „ობშჩაკის“ შეგროვებაში.

თურქულმა მხარემ მას რამდენიმე დღე მისცა ქვეყნის დასატოვებლად. ლავასოღლი პირველივე ავიარეისით მინსკში ჩაფრინდა. ის ბელორუსის პოლიციამ დააკავა და ამ ეტაპზე, საემიგრაციო სამსახურში იმყოფება.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ქართულ მხარეს უკვე დაუკავშირდა ბელორუსის ოფიციალური უწყებები ექსტრადირების თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, როდის გადმოსცემენ მინდია გორაძეს საქართველოს.

მას შემდეგ, რაც „ლავასოღლი“ თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს, ბათუმში შეწყდა მისი ოჯახის წევრების და ახლობლების აქცია, რომელიც ივნისის პირველი რიცხვებიდან მიმდინარეობდა.

შეხლა-შემოხლა პოლიციასთან: ბათუმში „ლავასოღლის“ მხარდამჭერები დააკავეს – ვიდეო >>

აქციის მონაწილეები „ლავასოღლის“ თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვდნენ. 17-მა პირმა შიმშილობა დაიწყო, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.