ზურაბიშვილი ელოდება, როდის დატოვებს ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

ბოლო დროს დოლიძე აქტიურად საუბრობდა სასამართლო სისტემის ხარვეზებზე და მასში არსებულ კლანურ მმართველობაზე
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა ანა დოლიძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოსტის დატოვება მოსთხოვა.

დოლიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის პოსტს საქართველოს პრეზიდენტის კვოტით 2018 წლიდან იკავებს, მაისში დააარსა საკუთარი ორგანიზაცია, ხოლო ამ კვირაში რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ უმაღლეს საბჭოში მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი დასვეს.

ანა დოლიძე: გურულებს გენეტიკურად გვაქვს, რომ გვადარდებდეს ის, რაც ეზოს იქით ხდება

„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის. სწორედ ასეთ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული საზოგადოების ნდობა. პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მას არ აქვს უფლება გაიწვიოს დოლიძე საბჭოდან.

„საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტია. ის ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებით, რომელიც არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო დროს პოსტზე ყოფნისას  დოლიძე აქტიურად საუბრობდა სასამართლო სისტემის ხარვეზებზე და მასში არსებულ კლანურ მმართველობაზე მიუთითებდა. ის ასევე სხვადასხვა საკითხში აკრიტიკებდა მოქმედ ხელისუფლებას და აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს, რაც არაერთხელ გამხდარა საბჭოს კრიტიკის საგანი.