ცხრა კლასდამთავრებულები ზოგადი განათლების ატესტატის თანაბარ დიპლომს მიიღებენ

პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. წელს, პირველად, 10 კოლეჯში შეთავაზებულია პროგრამები, რომელთა დასრულების შემდეგ გაიცემა სრულ ზოგად განათლებასთან გათანაბრებული დიპლომები, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით 34 საჯარო პროფესიული დაწესებულების 120-მდე პროგრამაზე მიღება გამოცხადდა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წლის მიღებისთვის რეგისტრაცია 10 აგვისტომდე გაგრძელდება.

საჯარო კოლეჯებში პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია სრული, ცალკეულ კერძო კოლეჯებში კი ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით.

გაიწვევენ თუ არა ჯარში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს

ასევე, შემუშავებულია სოციალურად დაუცველთა ჯგუფს მიკუთვნებული პირების ჩარიცხვის ახალი მოდელი.

უწყების ცნობით, პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით.

ბოლო მონაცემებით, პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელმა 2016 წელს შეადგინა 56%, 2017 წელს 60% იყო, 2018 წელს კი - 62%.

პანდემიის ფონზე პროფსასწავლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მარტი–აპრილში დაიწყო სტუდენტების აქტიური მომზადება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა IT პროგრამები, უცხო ენები, ბუღალტერია, სასტუმროებისა და გაყიდვების მარკეტინგი.

მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე ამჟამად 137 პროგრამა და 2,5 ათასი ადგილია გამოყოფილი.

სამინისტრომ ასევე ჩამოაყალიბა 17 დარგობრივი ქსელი, ონლაინ–პლატფორმები, რომლებშიც გაერთიანებულია ერთი პროფესიის სასწავლებლები (მაგალითად, სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო ქსელი და ა.შ.).