თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევების წყაროები ეპიდემიოლოგებისთვის ცნობილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამკურნალო ნაწილის დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამით გაიზარდა და 898-ს გაუტოლდა.
„ახალი დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ამჟამად კორონავირუსზე 132 ადამიანი მკურნალობს.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვიდან 752 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 - გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.