ოპოზიცია შეთანხმდა: ცნობილი გახდა თბილისში მაჟორიტარობის რვა კანდიდატიდან ექვსის ვინაობა

დაახლოებით 30 ოპოზიციური პარტია თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ექვსი ერთიანი კანდიდატის შესახებ შეთანხმდა. კიდევ ორ კანდიდატურაზე მსჯელობა გრძელდება.
Sputnik

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ამჟამად 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, ხოლო 77-ს პარტიული სიებით. ამასთან, პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომლის მიხედვით ერთმანდატიანი ოლქები 30-მდე შემცირდება.

თბილისის რვიდან ექვს ოლქზე შეთანხმებას პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა პარასკევის შეხვედრაზე მიაღწიეს.

ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ ოლქების ამგვარად განაწილებაზე:

  • ვაკე – ელენე ხოშტარია – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
  • მთაწმინდა – შალვა შავგულიძე – „თავისუფალი დემოკრატები“
  • ისანი – გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველოსთვის“
  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტია“
  • გლდანი – ნიკა მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა გაითვალისწინეს საზოგადოების განწყობა და სურვილები და აჩვენეს, რომ, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა სხვადასხვა საკითხზე, შეძლეს გაერთიანება იქ, სადაც საჭიროა ერთიანობა, რათა არ მოხდეს ხმების დანაწევრება.

„გარწმუნებთ, არანაირი განხეთქილება არ არსებობს“ – ბურჯანაძის გულახდილი ინტერვიუ

მისი თქმით, კანდიდატები შეარჩიეს არა პარტიული კვოტებით, არამედ პირადი თვისებებიდან გამომდინარე.

ეს დაადასტურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც.

„არ არის გამორიცხული, რომ ცალკეულ კანდიდატებს მხარი დავუჭიროთ, მაგალითად, ნიკა მელიას, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლები „ნაციონალია“, ვიდრე ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა უკვე შესრულებულია.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი ამოცანა შესრულდება – ოპოზიცია ერთმანეთს არ დაუპირისპირდება და არ წაართმევს ხმებს. მთავარი ამოცანა იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს მაჟორიტარების სრული ოკუპირება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

საკუთარი თამაში

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციურ ერთობას არ შეუერთდა ბანკირ მამუკა ხაზარაძის „ლელო საქართველოსთვის“.

„თბილისში წარვადგენთ რვავე კანდიდატურას, ისევე, როგორც 30-ვე ოლქში წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს. ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. ჩვენ 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მან არ გამორიცხა კონსულტაციები კოლეგებთან ოპოზიციიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამარჯვება არჩევნებზე.

„ლელო საქართველოთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას>>

მმართველი პარტიის გეგმა

მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ერთიანი კანდიდატები ოპოზიციის მარცხს უზრუნველყოფს, ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან.

კალაძე: „ქართული ოცნების“ პარტიული სია შემუშავების პროცესშია

„შეთანხმებას და მათ მიერ დასახელებულ კანდიდატებს, ვფიქრობ, საზოგადოება შეაფასებს. ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი შეფასება. მინდა გითხრათ, რომ ეს სახეები, უმეტესი მათგანი არის კარგად ცნობილი საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, შედეგი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური იმისა, რაც იყო აქამდე. ისინი ყოველთვის მარცხდებოდნენ“, – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დიმიტრი ხუნდაძემ.

ოპოზიცია განაგრძობს კონსულტაციებს კანდიდატებზე თბილისსა და მთელ საქართველოში. ამასთან, საკონსტიტუციო შესწორებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა კვირას გაიმართება. სავარაუდოდ, ამ დღეს უკვე ცხადი გახდება, რამდენ კანდიდატზე მოუწევს შეჯერება ოპოზიციას – 30-ზე თუ დღეს არსებულ 73-ზე.