თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ლეღვის ფოთლების ნახარშით კიდევ ერთმა ადამიანმა მიიღო დამწვრობა, იუწყება ქართული მედია დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძეზე დაყრდნობით.
ქაშიბაძის ინფორმაციით, მოქალაქე აღნიშნული ნახარშის გამოყენებით რუჯის მიღებას ცდილობდა. შემთხვევა ერთ–ერთ რეგიონში მოხდა.
მისი განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში თბილისის დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლების ნახარშის დამწვრობით 15 ადამიანია მოთავსებული.
საქართველოში მსგავსი მეთოდით მზის აბაზანის მიღების პრაქტიკა 2011 წლიდან გახდა „პოპულარული". აღსანიშნავია, რომ თითოეული შემთხვევა ჰოსპიტალიზებით სრულდებოდა და მედიით ვრცელდებოდა.
საყურადღებოა, რომ ქართველი ქალბატონები საკუთარ რეცეპტებს იგონებენ ლამაზი რუჯის მისაღებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მოაქვს შედეგად.