მსოფლიო დღეს

გაასაჯაროებს თუ არა ტრამპი „მფრინავი თეფშების“ შესახებ ინფორმაციას: ცნობილია პასუხი

აშშ-ის პრეზიდენტმა როზუელის ინციდენტის დეტალებზე ამჯერად არ ილაპარაკა, თუმცა თქვა, რომ ის, რაც მან იცის, ძალიან საინტერესოა.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ იფიქრებს იმ მასალებისთვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნაზე, რომლებიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და ე.წ. როზუელის ინციდენტს შეეხება. 

შეხვედრები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან: პენტაგონი ოფიციალურ ჩამონათვალს აქვეყნებს

ამის შესახებ მან მამის დღისადმი მიძღვნილ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც საკუთარ ვაჟს დონალდ ტრამპ-უმცროსს მისცა.

გავრცელებული ინფორმაციით, დონ-უმცროსმა ინტერვიუს ბოლოს ხუმრობით ჰკითხა მამას, არის თუ არა მზად, გაასაჯაროოს როზუელის (ნიუ-მექსიკოს შტატი) მასალები, რაზეც ამერიკის ლიდერმა უპასუხა, რომ „უნდა დაფიქრდეს ამაზე“, წერს The New York Times-ი.

„მე არ გეტყვით, რაც ამის შესახებ ვიცი, მაგრამ ეს ძალიან საინტერესოა“, — თქვა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ 1947 წელს როზუელის მახლობლად ერთ-ერთმა რანჩოს მფლობელმა თავის საძოვრებზე ამოუცნობი ნამსხვრევები იპოვა. ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ეს საიდუმლო პროექტ Mogul-ის ფარგლებში გაშვებული ზონდის ნამსხვრევები იყო, მაგრამ სკეპტიკოსები დღემდე არ იჯერებენ ამას და ირწმუნებიან, რომ 1947 წლის 4 ივლისს რუზუელში არამიწიერი წარმოშობის „მფრინავი თეფში“ ჩამოვარდა.