კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: კომფორტის ზონაში განვითარება არ ხდება

დარწმუნებულია, რომ სრულფასოვანი ბედნიერება მადლიერებით იწყება. ცდილობს ყველა განსაცდელი ისე მიიღოს, როგორც პიროვნული ზრდისთვის საჭირო ცხოვრებისეული გაკვეთილი.
Sputnik

ახალგაზრდა პედაგოგსა და მწერალზე ეთო ბოკელავაძეზე საუბარი გვინდა დავიწყოთ იმ წერილის ამონარიდით, რომელიც სკოლა „ქორალის" მოსწავლეებმა გაუგზავნეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საკონკურსო ჟიურის.

„ის ჩვენთვის მასწავლებლისა და ადამიანის იდეალია, რომელსაც გვინდა მივბაძოთ. ძალიან ვაფასებთ მის შრომას, თუმცა ყოველთვის სათანადოდ ვერ ვახერხებთ მადლიერების გამოხატვას. ვფიქრობთ, საქართველოში მოსწავლეებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ეთო მასწავლებლის მსგავსი მასწავლებელი ჰყავდეთ, ხოლო მასწავლებლებს – მისი მსგავსი თანამშრომელი. სკოლაში არ დადის ადამიანი, რომელსაც ეთო მასი არ უყვარს. სამი წლის წინ ჩვენ ის „ყველაზე მეგობრული მასწავლებლის“ პირველი ხარისხის სიგელით დავაჯილდოვეთ“.

ამგვარი ჟესტი ალბათ ქვეყანაზე არსებულ ყველა ჯილდოს გადაწონის. პედაგოგის პროფესიაში 21 წლის ასაკიდანაა. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. წერს ლექსებს, რომანებს, ნოველებს და მოთხრობებს.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: კომფორტის ზონაში განვითარება არ ხდება

- ქალბატონო ეთო, ამბობენ, ადამიანი ისაა, რაც ბავშვობაში ჩამოყალიბდაო. როგორი ბავშვობა გქონდათ და ცხოვრებაში თუ დაგეხმარათ სხვა ბავშვების უკეთ გაგებაში?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ვსწავლობდი წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის 166-ე საჯარო სკოლაში, პარალელურად – მუსიკალურ შვიდწლედში ფორტეპიანოს მიმართულებით. ჩემი ბავშვობა ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ალბათ ბევრი 90-იანელის, თავისი პლუსებით და მინუსებით. დადებითი იმაში გამოიხატება, რომ იმ დრომ ცოცხალი ურთიერთობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაში დამარწმუნა, მინუსებმა კი რთულ სიტუაციებთან სწრაფი ადაპტირება, მოთმინება, ამტანობა და დაბრკოლებების იუმორით გადალახვა მასწავლა. ალბათ ის, რაც ყველაზე მეტად მომყვება ბავშვობიდან, არის ღრმა რწმენა იმისა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და ადამიანს ყოველთვის შეუძლია ნებისმიერი არასასურველი სიტუაცია თავის სასიკეთოდ შეცვალოს.

- ბავშვობიდან მოყოლებული საკმაოდ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება გქონდათ...

- დიახ, საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი, მიყვარდა ხელოვნება და ხელოვანი ადამიანები. მუსიკალური შვიდწლედის გარდა ვცეკვავდი – ჯერ ანსამბლ “არგოში", შემდეგ კი რეხვიაშვილებთან. ერთხელ ბატონმა რობერტ ბარძიმაშვილმაც შემარჩია თავისი გუნდისთვის. თუმცა, 90-იანი წლების პირობები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ყველა ჩანაფიქრი და სურვილი განგეხორციელებინა. ბავშვობის აუხდენელი სურვილები ზრდასრულ ასაკში ავისრულე და პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ არასდროს არის გვიან მიაღწიო იმას, რაც გულით გსურს.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: კომფორტის ზონაში განვითარება არ ხდება

- პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ?

- ეს საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდა. სკოლაში განსაკუთრებულად მიყვარდა ისტორია, რაც ჩემი აწ გარდაცვლილი მასწავლებლის იზოლდა ბერძენიშვილის დამსახურება იყო. სკოლის დასრულების შემდეგ 16 წლის ასაკში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩემს ცხოვრებაში: არასრულწლოვანი აღმოვჩნდი ზრდასრულთა სამყაროში, იმავე სტატუსითა და პასუხისმგებლობებით. უნივერსიტეტის კარიბჭის ზღურბლზე მდგარს ცოტა მაშინებდა „დიდების სამყარო“, არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდნენ, როგორ დავძლევდი საუნივერსიტეტო პროგრამას, შევძლებდი თუ არა ადაპტაციას, მე ხომ ხშირად მიმეორებდნენ, რომ „ბავშვი" ვიყავი. თუმცა გულწრფელ მონდომებასა და შრომას ხომ იცით, რაც შეუძლია? – თუ მოინდომებ, მთებს გადადგამ.

- ყველაზე დიდი სტიმული რა გახდა?

- ყველაზე მეტად ჩემს აღმზრდელ ბებიას ეთერ ამირეჯიბს სჯეროდა ჩემი. ალბათ სტიმულიც ის გახდა, რომ ხშირად მახსენებდა ჩვენს სახელოვან წინაპრებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო, სამხედრო და სამწერლობო ცხოვრებაში და გამუდმებით მიმეორებდა, არ დაგავიწყდეს, ვისი გორისა ხარო. ეს სიტყვები იქცა ჩემთვის უდიდეს მოტივაციად. თავდაუზოგავ შრომას კი ყოველთვის მოაქვს თვალსაჩინო შედეგი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჩემი აკადემიური მიღწევების საფუძველზე რამდენჯერმე გავხდი ჯერ ფაკულტეტის, შემდეგ უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სწავლა დოქტორანტურის საფეხურზე განვაგრძე.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: კომფორტის ზონაში განვითარება არ ხდება

- როდის დაიწყეთ პედაგოგიური საქმიანობა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე როდის წარგადგინეს? 

- ამ პროფესიაში 21 წლის ასაკიდან ვარ. უნივერსიტეტში დასაქმების შემდეგ სკოლიდან არ წამოვსულვარ, რადგან ვთვლიდი, რომ ჩემს აღსაზრდელებს ვჭირდებოდი. მე და ჩემი მოსწავლეები და სტუდენტები ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, ჩვენი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე შარშან წარმადგინეს. ვერ აგიღწერთ, რამდენად დიდი იყო ჩემი მოსწავლეებისა და სტუდენტების სიხარული და მხარდაჭერა. ალბათ ვერც ერთი კონკურსი და ვერანაირი შედეგი ვერ მომიტანდა იმ ბედნიერებას, რაც მათ მომანიჭეს. დღემდე შენახული მაქვს წერილი, რომელიც მოსწავლეებმა ჟიურის მისწერეს. ეს უძვირფასესი სახსოვარი ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: კომფორტის ზონაში განვითარება არ ხდება

- ახალ თაობასთან ურთიერთობისას რა საიდუმლოს მიაგენით?

- ესაა გულწრფელი სიყვარული, რაც ყველაზე ცნობილი საიდუმლოა დედამიწაზე და ყველა თაობისთვის მნიშვნელოვანი. გულწრფელი სიყვარულით იწყება ყველაფერი, მაგრამ იმისთვის, რომ მოზარდებმა შეგიყვარონ, პირველ რიგში ისინი თავად უნდა გიყვარდეს. ყოველთვის ზუსტად გრძნობენ მასწავლებლის გულწრფელობასაც და ხელოვნურობასაც. მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გრძნობდნენ, მათ ნამდვილად უსმენენ და ენდობიან. ყველაზე მეტად ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა და მოტივაცია სჭირდებათ. ვფიქრობ, ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც მასწავლებელმა ნებისმიერი საგნის სწავლება უნდა დააშენოს.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: კომფორტის ზონაში განვითარება არ ხდება

- რა უშლის მოზარდს წარმატების მიღწევაში?

- ხშირად მოზარდები არ იცნობენ საკუთარ შესაძლებლობებს, არ სჯერათ საკუთარი თავის და წარუმატებლობის პირველივე შემთხვევისას ფარ-ხმალს ყრიან. უყალიბდებათ დაბალი თვითშეფასება და სწავლის კი არა, ზოგჯერ ცხოვრების აზრსაც ვეღარ ხედავენ. არადა, თითოეულ მათგანში იმალება გენიოსი, უნიკალური ინდივიდი, რომელსაც უსაზღვრო პოტენციალი გააჩნია. რეალურად, „ყველა ბავშვი არის ვარსკვლავი" და ჩვენ, პედაგოგებმა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათ იბრწყინონ. ვთვლი, რომ ამით უნდა იწყებოდეს პედაგოგიკა.

- შარშან ბელგრადში იყავით მიწვეული, რა მიმართულების კონფერენცია იყო?

- ეს გახლდათ საერთაშორისო კვლევების ასოციაციისა (ISA, აშშ) და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კვლევების ასოციაციის (CEEISA) გაერთიანებული საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით International Relations in the Age of Anxiety, რომელიც სერბეთში, ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. კონფერენცია ეძღვნებოდა დაძაბულობის პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხის ირგვლივ მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული კვლევების და სამეცნიერო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. მასში მონაწილეობას იღებდნენ ოქსფორდის, კემბრიჯის, ჩიკაგოს, მერილენდის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის და ა.შ. ცნობილი უნივერსიტეტების წარმომადგენლები. კონფერენციამ და ხსენებული უნივერსიტეტების პროფესურასთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან მუშაობამ კიდევ ერთი საინტერესო, მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა პროფესიულ საქმიანობაში.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: კომფორტის ზონაში განვითარება არ ხდება

 - თქვენი მოხსენება რას ეხებოდა?

- ჩემი მოხსენება ეხებოდა საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების სამშვიდობო მისიას ცივი ომის  პერიოდში. უდიდესი პასუხისმგებლობა და, ცხადია, ამაღელვებელიც იყო მსოფლიოს მაღალკვალიფიციური, აკადემიური საზოგადოების წინაშე საქართველოს წარდგენა. ეს არის შემთხვევა, როდესაც შენი მოხსენების თითოეულ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დანიის, შვედეთის, ავსტრალიის, ისრაელის, სერბეთის პროფესურის მხრიდან ჩემი მოხსენებისა და ჩემი ქვეყნისადმი უაღრესად დადებითი გამოხმაურებების შემდეგ ისეთი გახარებული მოვაბიჯებდი ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხეივანში, რომ მეგონა მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს, როდესაც აცხადებენ: Eter Bokelavadze, Georgia! – სამი სიტყვა და უსაზღვრო პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობასთან ერთად კი დიდი სიხარულიც, რადგან იმ წუთებში ყველაზე ამაყი ვარ...

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: კომფორტის ზონაში განვითარება არ ხდება

- რაც შეეხება შემოქმედებას, როდის წერთ და ხშირად რა ხდება მათი წერის საბაბი?

- წერისთვის საბაბი ძირითადად ძლიერი შთაბეჭდილებები და განცდები ხდება, გამოგონილ ამბებზე იშვიათად ვწერ. ჩემი ნოველების, მოთხრობებისა თუ რომანების პერსონაჟები უმეტესად რეალური პიროვნებები არიან, მათთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური პორტრეტითა და განვლილი ცხოვრების გზით. როდესაც პატარა ვიყავი, ცხოვრებისეულ განსაცდელებს უფრო მძაფრად აღვიქვამდი და ეს ჩემს ძველ ლექსებსაც ეტყობა, თუმცა ახლა ვერ ვიტყვი, რომ სევდა ხშირად და მარტივად მერევა. გაცნობიერებული მაქვს, რომ შემთხვევით არც ერთი განსაცდელი არ შემოდის ადამიანის ცხოვრებაში და ყველა მათგანს თავისი როლი აქვს ადამიანის პიროვნულ ზრდასა და გაძლიერებაში. კომფორტის ზონაში განვითარება არ ხდება. სწორედ ამიტომ ვცდილობ პოზიტიურად შევხედო და მადლიერებით მივიღო ყველა განსაცდელი, როგორც ჩემი ზრდისთვის საჭირო ცხოვრებისეული გაკვეთილი.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: კომფორტის ზონაში განვითარება არ ხდება

- გაგვაცანით თქვენი რომელიმე მოთხრობიდან ამონარიდი...

- მაშინ ეს იყოს ამონარიდი მოთხრობიდან "შემოდგომის ცა": „შემოდგომის ცას იმაზე მეტი ფერი აქვს, ვიდრე ცისარტყელას, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცისარტყელაშიც მხოლოდ ერთ ფერს ამჩნევენ და ცდილობენ, მეცნიერულად დაგისაბუთონ, რომ ფერები ილუზიაა“.

- რა გეხმარებათ ცხოვრების და ადამიანების უკეთ შეცნობაში?

- ცხოვრების შეცნობაში ადამიანებზე დაკვირვება მეხმარება. ადამიანისმცოდნეობა კი ყველაზე საინტერესო სფეროა ჩემთვის. ნებისმიერი მახასიათებელი – სიტყვა, ხმა, ქმედება, სხეულის ენა ბევრს მიამბობს ხოლმე მათზე. ჩემი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ იმაში დამარწმუნა, რომ ადამიანი სამყაროს გვირგვინია, შემოქმედის ყველაზე გენიალური ქმნილება, თავისუფალი ნებითა და შემოქმედებითი ბუნებით აღჭურვილი. გასაოცარი, უნიკალური არსება, ამოუწურავი შინაგანი რესურსებითა და უნიკალური შესაძლებლობებით, რომელიც იდენტურად არასდროს არავისში მეორდება, მათ შორის არც საკუთარ შვილში, რადგან ისიც, თავის მხრივ, უნიკალურია. ადამიანის განსაკუთრებულობა და უნიკალურობა კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ არავინ არის ვინმეზე ნაკლები ან მეტი. ყველას თავისი შესაძლებლობები და ცხოვრების გზა აქვს და ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც თითოეულ ადამიანს სხვებზე უკეთ გამოსდის. „მხოლოდ მას ვერ დაეწევა ვერავინ, ვინც საკუთარ გზაზე მიდის..." ყველას ვუსურვებ საკუთარი თავის შეცნობას, სიყვარულს, რეალიზებასა და სრულფასოვან ბედნიერებას, რომელიც, თავის მხრივ, მადლიერებით იწყება...