რა ოდენობით კომპენსაციას ითხოვენ 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები შსს-სგან

გასული წლის ივნისში პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით თბილისში 240 ადამიანი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულმა სამმა პირმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შსს-ს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) იუწყება, ახალგაზრდები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოსარჩელეებს შორის ერთი ჟურნალისტი და აქციის ორი მონაწილეა. სასამართლოში მათ ინტერესებს საია დაიცავს. 

20 ივნისის აქცია: ოპოზიციის გეგმები და კორონავირუსის პანდემია

ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაზარალდა – მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა მხარში, რის შედეგადაც მარცხენა მხრის ძვლის ღია მოტეხილობა მიიღო. იგი ძალოვანი უწყებისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

მეორე მოსარჩელე აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიის შედეგად დაშავდა. მას სხეულის სხვადასხვა ნაწილში რეზინის ტყვიები მაშინ მოხვდა, როდესაც სხვა დაშავებულების დახმარებას ცდილობდა. თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მას მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანა, რაც მის შრომისუნარიანობაზე ნეგატიურად აისახა. აღნიშნულის გამო იგი შსს-სგან, მორალურ ზიანთან ერთად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.

მესამე მოსარჩელეც ასევე რეზინის ტყვიის შედეგად დაშავდა, მას ტყვია ქვედა ყბის არეში მოხვდა, რის გამოც სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, დაზარალებული დამატებით მკურნალობას მომავალშიც საჭიროებს. აქციის ეს მონაწილე ამ ეტაპზე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ახლო მომავალში საია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა დაზარალებულების სახელითაც წარადგენს სარჩელებს.

საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქცია, რომელშიც ოპოზიციის ლიდერებიც მონაწილეობდნენ, არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით თბილისში 240 ადამიანი დაშავდა.