ხელს ნუ უშლით გამოძიებას: უსაფრთხოების სამსახური მასმედიას მეორედ მიმართავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ვერსია და ვარაუდი, რომელიც საჯაროდ ვრცელდება, მხოლოდ ხელს უშლის გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ მიმართა მასმედიას, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ვასამბეკ ბოკოვის საქმის განხილვისგან.

სუს-მა თბილისის ცენტრში სპეცოპერაცია ჩაატარა >>

სუს-მა ორშაბათს დაადასტურა, რომ თბილისში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე მკვლელობის მომზადების საქმეზე. ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ საუბარია შეკვეთილ მკვლელობაზე და რომ დაკავებული ტელეარხის წამყვანის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა გასული წლის ზაფხულში პირდაპირი ეთერით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფის გამო.

„ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის გამოც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ამასთან უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ უწყებამ თავის პირველ განცხადებაში გაახმოვანა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის, ხოლო ამ თემის შემდგომი განხილვა და სხვადასხვა ვერსიები გამოძიებას მხოლოდ ზიანს მოუტანს.

ზურაბიშვილმა უსაფრთხოების სამსახურს მკვლელობის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა

„ხსენებულ განცხადებაში ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი სახის ინფორმაციის - ნამდვილის თუ ყალბის - გავრცელებამ შესაძლოა დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი - დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, მხილებულ იქნეს დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი და აღსრულდეს მათ მიმართ მართლმსაჯულება. მიუხედავად ამისა, მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე დროს უწყება უთითებს, რომ გამოძიება გრძელდება.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ურთულეს სისხლის სამართლის საქმეზე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, იკრიბება და ფასდება მტკიცებულებები და სკურპულოზურ ანალიზზე დაყრდნობით იგეგმება ყოველი შემდგომი ნაბიჯი, რათა არც ერთი ვერსია და ფაქტობრივი გარემოება არ დარჩეს გამოძიების ჯეროვანი ყურადღების მიღმა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე შეუმდგარი მკვლელობის შესახებ - პრემიერმა ყველას დამშვიდებისკენ მოუწოდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

„გამოვთქვამთ მზადყოფნას, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისაგან მივიღოთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვს უკვე წაუყენეს ბრალი. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. იგი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დააკავეს.