შეუძლიათ ივაჭრონ: ვინ და რაზე დაითანხმა დამწვარი ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები

ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების ზარალს პირველ რიგში სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში დაზარალებულთა დახმარებას გეგმავს თბილისის მერიაც.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. ვარკეთილში დამწვარი შერეული ბაზრობის აღდგენამდე მოვაჭრეებს მუშაობისთვის უსაფრთხო ადგილს გამოუყოფენ და რამდენიმე თვით გადასახადებისგან გაათავისუფლებენ, განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ.

სამხარაძემ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრა ოთხშაბათს გამართა და მათ 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფის შექმნა და დღის განმავლობაში მერიაში შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელიც. 

რატომ არ აზღვევენ ბაზრობებს: მოვაჭრეებს სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს?

„ადმინისტრაცია მზად არის გადარჩენილ ტერიტორიაზე მოაწყოს დახლები და დაზარალებულებს ვაჭრობის საშუალება მისცეს, ამასთან ჩვენ შევთანხმდით, რომ მოვაჭრეები სამი–ხუთი თვის გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. სადაზღვევო კომპანია ასევე მზად არის ამ ადამიანებს გარკვეული კომპენსაცია გადაუხადოს“, – განაცხადა რაიონის გამგებელმა.

სამხარაძის თქმით, შესაძლოა, ყველა მოვაჭრე კომპენსაციით კმაყოფილი არ დარჩეს, მაგრამ მათ უნდა დაამტკიცონ, რომ გარკვეული თანხის საქონელი ჰქონდათ.

„სადაზღვევო კომპანიამ ამ ადამიანებს შესთავაზა იმდენი, რისი შეთავაზებაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში შეეძლო. სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს არა მარტო მათ, ვისაც აქვს დეკლარირებული ქონება, არამედ მათაც, ვისაც არ აქვს. მაგრამ იგი შედარებით დაბალი ტარიფი იქნება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ყველა კმაყოფილი ვერ დარჩეს. ამიტომაც ადამიანებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი გარკვეულ ქონებას ფლობდნენ“, – განაცხადა გამგებელმა.

ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების ზარალს პირველ რიგში სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში დაზარალებულთა დახმარებას გეგმავს თბილისის მერიაც.

იმის შესახებ, რომ თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან კონსულტაციების გამართვასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას აპირებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თათრების ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს, ღამით გაჩნდა. ცეცხლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში 130 მეხანძრე–მაშველი აქრობდა, მობილიზებული იყო 25 სახანძრო მანქანა. ვითარებას ის ართულებდა, რომ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს. ხანძრის შედეგად შერეული ბაზრობის გარკვეული ტერიტორია დაიწვა. დილისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებული იყო.