თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას ასრულებს: კადიროვის კომენტარი ბრალდებაზე

ჩეჩნეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთის შესახებ და განაცხადა, რომ „ვაი-ჟურნალისტი“ მას საერთოდ არ აინტერესებს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა პასუხი გასცა ბრალდებას, რომ მისი დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა პირდაპირ ეთერში. 

საქმე შეუმდგარი მკვლელობის შესახებ - პრემიერმა ყველას დამშვიდებისკენ მოუწოდა

„სინამდვილეში მე საერთოდ არ მაინტერესებს ბედისგან დაჩაგრული ადამიანების იგავები. ისინი მოუხერხებლად ცდილობენ თავის წარმოჩენას საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ მათ სულ უფრო ღრმად ითრევს ჭაობი“, — დაწერა კადიროვმა საკუთარ Telegram-არხზე.

ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ გაბუნიას განდიდების მანია აწუხებს და ის არავის აინტერესებს, მათ შორის, არც სერიოზულ ქართულ მედიასაშუალებებს.

„ამჯერად ამბობენ, რომ დააკავეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი–ჟურნალისტზე თავდასხმას აპირებდა. ბატონებო, მერწმუნეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას შეასრულებს... თანაც თქვენს ბილწსიტყვაობის მოყვარულს, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად წარმოაჩენს, ისედაც ძლივს უდგას სული, განდიდების მანია სჭირს“, — წერს კადიროვი.

თბილისში 12 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ჩრდილოეთ კავკასიელი მამაკაცი, რომელსაც ბრალად დოკუმენტების გაყალბება ედება. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ვ.ბ., რომელიც განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეში ფიგურირებს. 

იგეგმებოდა თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია? რას ამბობს უსაფრთხოების სამსახური

სუს-ის განცხადებით, სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვ.ბ. მკვლელობას ამზადებდა, თუმცა ის შედარებით მცირე დანაშაულისთვის დააკავეს, რამაც მათ მძიმე დანაშაულის თავიდან აცილების საშუალება მისცა.

უწყების განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ტელეარხ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეეთერით განაცხადა, რომ საუბარია შეკვეთილ მკვლელობაზე და რომ დაკავებული გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფის გამო. მისი განმარტებით, თავდასხმა რამზან კადიროვის დაკვეთით მზადდებოდა.

საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ ნაჩქარევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიების შედეგებს მკვლელობის მომზადების საქმეზე. უსაფრთხოების სამსახური, თავის მხრივ, მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე შეიკავონ თავი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.