მსოფლიო დღეს

იაპონიაში უცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს: პოლიცია ვიდეოს ავრცელებს

პოლიციამ ვერტმფრენებით სცადა უცნაური ობიექტის წარმომავლობისა და ბუნების შეტყობა, მაგრამ მხოლოდ მისი ფორმის დადგენა შეძლეს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. იაპონიის პოლიცია იძიებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტის წარმოშობას, რომელიც მიიაგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სენდაის თავზე გამოჩნდა, იუწყება ტელეარხი NHK.

​გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობამ ოთხშაბათს, დილით პოლიციაში დაიწყო რეკვა, რადგან ცაში უცნაური ობიექტი დაფრინავდა. პოლიციამ ვერტმფრენი აამოქმედა, რათა ობიექტის ბუნება დაედგინა, მაგრამ მათ მხოლოდ იმის შეტყობა მოახერხეს, რომ ეს იყო თეთრი ბურთი — ორი პროპელერითა და ქვემოდან ჯვრისმაგვარი კონსტრუქციით, რომელიც 1,5 კმ სიმაღლეზე დაფრინავდა. 

ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს: ჩვენს გალაქტიკაში ათობით გონიერი ცივილიზაცია არსებობს

ამის შემდეგ პოლიციამ ტრანსპორტის სამინისტროსა და მეტეოროლოგიურ სამმართველოსთან გადაამოწმა, მათ ხომ არ ეკუთვნოდათ ობიექტი, მაგრამ უწყებებიდან მიღებული პასუხების თანახმად, მფრინავ ობიექტთან მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

გარდა ამისა, ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში და ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც აერპორტებია განთავსებული, ფრენების განხორციელების მსურველმა უწყებისგან წინასწარ უნდა მიიღოს ნებართვა. მაგრამ მსგავსი განცხადებით სამინისტროსთვის არავის მიუმართავს.

ამ დროისათვის პოლიცია გამოძიებას განაგრძობს.