ზუგდიდში კორონავირუსის ახალ კლასტერს ელოდებიან?

მამაკაცს PCR-კვლევა ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდგომ საკარანტინო სივრციდან გაწერეს. ის კარანტინიდან დროებით, ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად გაუშვეს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. ზუგდიდში 70 წლის მამაკაცს COVID-19 ინფექცია დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

ცნობილია თუ არა კორონავირუსის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყაროები – დეტალები

ცენტრის ცნობით, ინფიცირებული საქართველოში ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა და ის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მას PCR-კვლევა ჩაუტარდა და პირველი უარყოფითი პასუხის შემდგომ, 14 ივნისს საკარანტინო სივრციდან გაწერეს. ის კარანტინიდან დროებით, ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად გაუშვეს.

დაკრძალვა, რომელსაც აღნიშნული პირი დაესწრო, 16 ივნისს ზუგდიდში გაიმართა.

გუშინვე მას განმეორებით ტესტირება ჩაუტარდა და COVID-19-ის ინფექცია დაუდასტურდა. ინფიცირებული რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.

მასთან კონტაქტში მყოფი 7 ადამიანი უკვე გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 888-ს მიაღწია.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.

ნიკა ლატარია