თბილისში ერთბაშად ორი ავტოკინოთეატრი იხსნება

ავტოკინოთეატრი – არის კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, რომელიც გათვლილია ფილმების საყურებლად ავტომობილებიდან. ინგლისურენოვან ქვეყნებში მას „დრაივ-ინს“ ეძახიან.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. „დრაივ-ინი“ ანუ ავტოკინოთეატრი საქართველოს დედაქალაქში ერთბაშად ორ ადგილზე გაჩნდება – ლისის ტბის ტერიტორიაზე და ახალ იპოდრომზე. მათი გახსნა ივლისის შუა რიცხვებიდან იგეგმება.

ქართველმა რეჟისორმა დოკუმენტური ფილმისთვის ევროგრანტი მიიღო

ავტოკინოთეატრი არის კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, რომელიც გათვლილია ფილმების საყურებლად ავტომობილიდან. ინგლისურენოვან ქვეყნებში მას „დრაივ-ინს“ ეძახიან. ავტოკინოთეატრი წარმოადგენს ავტომობილების სადგომს ორგანიზებული შესასვლელებით და გასასვლელებით და დიდი ზომის ეკრანით.

„დრაივ-ინში“ ხმა გადმოიცემა აკუსტიკური სისტემების მეშვეობით, რომლებიც ავტოსადგომების ირგვლივაა დამონტაჟებული, ან სტანდარტული მცირესიმძლავრიანი რადიოსადგურით FM-დიაპაზონში.

Cavea-ს თეატრების ქსელი ახალი ფილმების პრემიერების პარალელურად მაყურებელს შესთავაზებს სხვა ღონისძიებებსაც, მაგალითად, კინომარათონებს.

მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე კინოთეატრები გათვლილი იქნება მინიმუმ 200 ავტომობილზე. ასევე გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე ველოსიპედისტებისთვის, მოტოციკლისტებისა და უტრანსპორტო მაყურებლებისთვის. მათი რაოდენობა გაიზრდება მოთხოვნის შესაბამისად.

ტერიტორიას გააკონტროლებს დაცვა, რომელიც მაყურებელს განთავსებაში მიეხმარება და თვალყურს მიადევნებს წესრიგსა და დისტანციის დაცვას.