საქართველო არ მოხვდა მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მქონე ქვეყნების სიაში

საქართველოს აეროპორტებში დიდი ყურადღება ექცევა ნიღბების ტარებას, დეზინფექციას, სოციალური დისტანციის დაცვასა და მგზავრების თერმოსკრინინგს
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) არ შეიყვანა საქართველოს აეროპორტი იმ ქვეყნების აეროპორტების სიაში, რომლებიც კორონავირუსისგან დაზარალდა, რადგან საქართველო არ ითვლება მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მქონე ქვეყნად. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ განაცხადა.

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი და სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. 1 ივლისიდან იგეგმება საერთაშორისო მოგზაურების მიღებაც.

თურქეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლას 11 ივნისს განაახლებს

არჩუაძის სიტყვებით, საქართველოს აეროპორტებში დიდი ყურადღება ექცევა ნიღბების ტარებას, რაც აუცილებელი წესია, დეზინფექციას, სოციალური დისტანციის დაცვას და მგზავრების თერმოსკრინინგს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ 15-ჯერ განაახლა პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების სია და საქართველო ამ სიაში არცერთხელ არ მოხვდა“, - განუცხადა არჩუაძემ ჟურნალისტებს.

არჩუაძემ აღნიშნა, რომ მგზავრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამიტომ დიდი ყურადღება ექცევა დეზინფექციას. სადეზინფექციო სამუშაოების გარდა აეროპორტებში განთავსებულია დამატებითი სადეზინფექციო სითხეები. აეროპორტები უფრო ინტენსიურად ლაგდება.

გარდა ამისა, საქართველოს ყველა აეროპორტში არის ვენტილაციის სპეციალური სისტემა, რომელიც შენობას სუფთა ჰაერით ამარაგებს. აეროპორტები აღჭურვილია ასევე კონდიცირების სისტემით.

„ჩვენ არ ველით, რომ პროცედურების დრო დიდად გაიზრდება, თუმცა ახალი წესების გათვალისწინებით, აეროპორტში შემოსვლა რეკომენდებულია აფრენამდე სამი საათით ადრე“, - ხაზი გაუსვა არჩუაძემ.
გაივლიან თუ არა კარანტინს გერმანიაში საქართველოდან ჩასული მგზავრები

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) განაახლა პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების სია. სააგენტო ავიაკომპანიებს მოუწოდებს, დამატებითი ზომები მიიღონ და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, კერძო სექტორი მზადაა შიდა ტურიზმის გასახსნელად, სარკინიგზო და საავიაციო მიმოსვლის აღსადგენად. ადმინისტრაციის მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ტურისტულმა ობიექტებმა ან ტურისტულმა ტრანსპორტმა უნდა გაითვალისწინონ.

საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა საქართველოში მუშაობა 8 ივნისიდან განაახლეს. თბილისსა და სხვა ქალაქებში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 29 მაისიდან ემსახურება.