კორონავირუსი vs ფულადი გზავნილები: საქართველოში ნაკლები ვალუტა შემოვიდა

თუკი აპრილში ფულადი გზავნილები წლიური გადაანგარიშებით 42,3%-ით შემცირდა, მაისში შემცირებამ მხოლოდ 9,6% შეადგინა
Sputnik

თბილისი, 16 მაისი – Sputnk. 2020 წლის მაისში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა 9,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 131,8 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

2020 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 43,2%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ მაისში დაახლოებით 19,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 15%-ია.

რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის აპრილში პირველობა იტალიას დაუთმო. იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 27,6 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა – ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 35,8%-ია.

რამდენი ვალუტა გამოგზავნეს საქართველოში

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2020 წლის იანვარ–მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები 9,5%-ით შემცირდა და დაახლოებით 600 მლნ დოლარი შეადგინა.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარ–მაისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 113,1 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა – ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 29%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 31%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

რატომ შემცირდა ვალუტის შემოდინება?

ეკონომიკური გაურკვევლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის გამო შეიქმნა, კვლავ გრძელდება. ქართულმა საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ჩაატარა კვლევა და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლო რისკები დაადგინა.

ცხოვრება პანდემიის შემდეგ: საქართველოს მთავრობა პოსტკრიზისულ გეგმას ამზადებს

კომპანიის ანალიტიკოსების პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში შესაძლებელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი განვითარდეს: ოპტიმისტური, საშუალო სიმძიმის და პესიმისტური. სამივე სცენარი გულისხმობს ქვეყნისთვის ძირითადი შემოსავლების შემცირებას - ეს არის უცხოური ინვესტიციები, გზავნილები, ექსპორტი და ტურიზმი, სხვაობა მხოლოდ იმ თანხაშია, რომელიც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს.

თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მაისში ფულადი გზავნილების დინამიკას იმედისმომცემი უწოდა და განმარტა, რომ ის დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე ვალუტის გაცვლით კურსზე.

„ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია: თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფით მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია“, - დაწერა გვენეტაძემ თავის Facebook-გვერდზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა.

„ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე“, - განაცხადა გვენეტაძემ.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13,6 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 33,7%-ით ნაკლებია.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 77,6 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 15%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელი.

ფულადი გზავნილების საერთაშორისო დღე

უკვე მესამე წელია 16 ივნისს აღინიშნება ფულადი გზავნილების საერთაშორისო დღე, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ინიციატივით დაარსდა. ამ დღის გამოცხადება გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2018 წლის ივნისში მოიწონა.