იგეგმებოდა თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია? რას ამბობს უსაფრთხოების სამსახური

თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ, რომლითაც, სუს-ის განცხადებით, შეკვეთილი მკვლელობა იქნა აღკვეთილი, უწყება თავს იკავებს სავარაუდო მსხვერპლის ვინაობის დასახელებისგან.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში გასულ კვირაში რუსეთის მოქალაქის დაკავების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და საზოგადოებას რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 12 ივნისს სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს ერთი პირი, ეროვნებით ჩეჩენი, რომელსაც დოკუმენტების გაყალბება ედება ბრალად.

სუს-ის განცხადებით, უწყება ფლობდა ინფორმაციას დაკავებული ვ.ბ.-ს მხრიდან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების თაობაზე, თუმცა იგი გაცილებით „მსუბუქი" ბრალდებით დააკავეს, რამაც შესაძლებელი გახადა მძიმე დანაშაულის თავიდან არიდება.

სუს-მა თბილისის ცენტრში სპეცოპერაცია ჩაატარა

„ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა", – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უწყება არ ავრცელებს დაწვრილებით ინფორმაციას და უბრალოდ აღნიშნავს, რომ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეთა გამოკითხვა, ინტერპოლის არხებით კი გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია.

სუს-მა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ორშაბათს, საღამოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებული გეგმავდა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, რომელმაც გასული წლის ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა.

უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლი გიორგი გაბუნია იყო, ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.