თბილისში ლიფტი ჩაწყდა - არიან დაშავებულები

საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. „ევექსის“ კლინიკაში მოთავსებული შუახნის მამაკაცი საოპერაციოში შეიყვანეს
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი – Sputnk. თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მომხდარის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

ხანძარი ვარკეთილში: მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  სტაციონარში გადაიყვანა. არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, დანარჩენებს, ქვედა კიდურების მოტეხილობები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 15 წლამდე მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოზარდს უმნიშვნელო დაზიანება აქვს ფეხის არეში და  მას  ყველა საჭირო კვლევა უტარდება.

ორი პაციენტი „ევექსის“ კლინიკაშია გადაყვანილი, კიდევ ერთი დაშავებული - „მედიქალ სითიში“ .

მძიმეა „ევექსის“ კლინიკაში მოთავსებული შუახნის მამაკაცის მდგომარეობა და ის საოპერაციოში შეჰყავთ.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია).