ვოლსკი: არჩევნებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში გადავწევთ

პოლიტიკურ წრეებში გრძელდება კამათი თემაზე - როდის უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები - ოქტომბერში თუ დეკემბერში?
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრიდან უფრო გვიან თარიღამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიწევს, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე კვლავ გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

არჩევნები დეკემბერში ჩატარდება? საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დასრულდა >>

მან პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა ოპოზიციის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მიზანდასახულად ცდილობს არჩევნების გადაწევას დეკემბრისთვის, მისთვის ხელსაყრელი პერიოდისთვის.

არჩევნებზე პირბადეებით: ცესკო-მ პირველი გადაწყვეტილება მიიღო

„ისინი ცდილობენ ეს რეალობა გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის და ამბობენ, თითქოს "ქართულ ოცნებას" არჩევნების დეკემბერში ჩატარება აწყობს. საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს, ეს თვითონაც კარგად იციან. არც მალავენ, ამბობენ ამას, მაგრამ ჟურნალისტების საყურადღებოდ ამატებენ, თითქოს „ქართულ ოცნებას" უნდა გადაწევა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ახალ საარჩევნო სისტემაზე უკვე მიმდინარე წლიდან გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო ონლაინ-განხილვა უკვე დასრულდა და ამიერიდან კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო კუთხით არჩევნების ჩატარებას ოქტომბრის ბოლოს პრობლემა არ შეექმნება, თუ ამას კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ შეუშლის ხელს.