საბჭოთა პერიოდის ერთ დილას მოსკოვში, უნივერმაღ „გუმის“ შესასვლელთან, სადაც ადრიანი დილიდან ხალხმრავლობა იყო ხოლმე, რამდენიმე ქართველმა სახელდახელო ჯიხური–სალარო დადგა და იქვე სამი სხვადასხვა ფერის „დუბლიონკა“ გამოფინა. მერე კი ხმამაღლა გამოაცხადეს, რომ იწყებდენ ტალონების გაყიდვას, რომელთა მიხედვითაც მაღაზიაში „დუბლიონკების“ დაბალ ფასად შეძენა იქნებოდა შესაძლებელი.
მაშინ „დუბლიონკა“ საკმაოდ ძვირიც ღირდა, მოდაშიც იყო და, შესაბამისად, უამრავი ადამიანის საოცნებო სამოსი გახლდათ. ამიტომ ტალონებზე უმალ გრძელი რიგი დადგა.
გამალებული ვაჭრობა დაახლოებით ოციოდე წუთს გაგრძელდა. მერე კი „მოლარეებმა“ გამოაცხადეს, ტალონები გათავდაო, ჯიხური დაკეტეს და გაუჩინარდნენ.
ცოტა ხანში „გუმი“ გაიღო, ტალონების „ბედნიერი“ მფლობელები მაღაზიაში შებრძანდნენ და „დუბლიონკები“ მოითხოვეს. აი, სწორედ აქ გაირკვა, რომ თაღლითებმა ისინი ძალიან მოხერხებულად და სწრაფად გააცურეს.
***
იმხანად მოსკოვის „გუმი“ საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი მაღაზია იყო. უზარმაზარ კომპლექსში იყიდებოდა ყველაფერი — წვრილმანი ნივთებიდან ავეჯამდე.
ერთხელაც ამ მაღაზიაში ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდის“ „პადელნიკი“ შესულა. მისი ყურადღება ავეჯის განყოფილებაში მოფარებულ ადგილზე მდგარ ტახტს მიუქცევია. როდესაც შეატყო, რომ ახლომახლო არავინ იყო, სწრაფად აუხდია ტახტისთვის თავსახური და შიგ ჩამძვრალა.
საღამოს, როცა მაღაზია დაკეტეს და გარე სიგნალიზაცია ჩართეს, მოხერხებული „პადელნიკი“ სამალავიდან ამომძვრალა და ტახტი მაღაზიის ყველაზე ძვირფასი ნივთებით ისე გამოუტენია, რომ თავად რის ვაივაგლახით ჩატეულა შიგ.
დილით კი, როგორც კი „გუმი“ გაიღო, ის შეუმჩნევლად ამოვიდა ტახტიდან, ოფიციალურად იყიდა ნივთი, მის მიერვე მიყვანილ მტვირთავებს საბარგო მანქანაზე დაადებინა და...
სანამ მაღაზიაში დანაკლისს შეამჩნევდნენ, მძარცველები უკვე სამშვიდობოს იყვნენ.
***
ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდში ქალაქ ლენინგრადში (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი) ერთი ქართველი თაღლითი „მოღვაწეობდა“. იგი ძირითადად უცხოელებზე „მუშაობდა“ და სხვადასხვა ხერხებით სძალავდა ფულს.
ერთ დღესაც ქალაქის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში შუახნის, კარგად ჩაცმული, საკმაოდ სოლიდური გარეგნობის იაპონელი ბიზნესმენი მიიყვანეს, რომელიც თურმე კრეისერ „ავრორას“ ხალხისგან დაცლას მოითხოვდა.
იაპონელი აცხადებდა, გემი ოფიციალურად შევიძინე, ჩემია და სამშობლოში უნდა წავიყვანოო. ამის დასტურად მან რუსულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე შევსებული „დოკუმენტი“ წარადგინა.
საბუთი, რომელსაც კოოპერატივ „შიბლას“ ბეჭედი ერტყა, იაპონელს, როგორც მყიდველს, ნებას აძლევდა, „ავრორა“ იაპონიაში წაეყვანა. იქვე ხელმოწერით იყო დადასტურებული, რომ უცხოელმა ბიზნესმენმა ხომალდში 120 ათასი ამერიკული დოლარი და 200 ათასი საბჭოთა მანეთი გადაიხადა წინასწარ. დოკუმენტს ხელს ალექსანდრე ყაზბეგი აწერდა.
საბჭოელ მილიციელებს იაპონელი ბიზნესმენი თავიდან გიჟი ეგონათ და კინაღამ ნავმისადგომიდან პირდაპირ ფსიქიატრიულში წაიყვანეს, რადგან საბჭოთა რევოლუციის სიმბოლო, ლეგენდარული კრეისერი „ავრორა“ სახელმწიფო საკუთრება იყო და მის გაყიდვას გულშიც არავინ გაივლებდა. მილიციელები მოგვიანებითღა მიხვდნენ, რომ მდიდარი უცხოელი თაღლითების მსხვერპლი იყო და განყოფილებაში წაიყვანეს ჩვენების ჩამოსართმევად.
მართალია, სამართალდამცველებს ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ, მაგრამ ქართველი თაღლითი მაინც გამოაშკარავეს და დააპატიმრეს. როდესაც მას ჰკითხეს, როგორ მოახერხე ასეთი სერიოზული კაცის გაბითურებაო, ალალად უპასუხა – ისეთი დიდი მოწონებით უმზერდა „ავრორას“ და ამასთან ისეთი სულელური თვალები ჰქონდა, იმ წუთას მივხვდი, რომ ადვილად „მოიწველებოდაო“.