შინაური ძაღლები ცოფით ნაკლებად ავადდებიან

საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე აცრას 35 ათასიდან 49 ათასამდე ადამიანი იკეთებს, ამიტომ ადამიანების ამ საშიში დაავადებით ინფიცირების მაჩვენებელი პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველო იმ 150-ზე მეტი ქვეყნის სიაში შედის, სადაც ცოფი ენდემური პრობლემაა, ამიტომ ამ დაავადების პროფილაქტიკას სერიოზული ყურადღება ექცევა, განაცხადა ბრიფინგზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ.

მან აღნიშნა, რომ 2020 წლის მონაცემებით, შინაური ძაღლების ცოფით დაავადების შემთხვევები ბევრად ნაკლებია.

კახეთში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

ლომჯარიამ კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ ადამიანმა სავალდებულო წესით უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, თუ მას ცხოველმა უკბინა ან დაკაწრა, მანამდე კი აუცილებლად უნდა დაიმუშაოს ჭრილობა წყლითა და საპნით, რათა ვირუსის ინკუბაციის რისკი შეამციროს.

„საქართველო შედის იმ 150-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ცოფი არის ენდემური პრობლემა და სიმპტომების აღმოჩენისთანავე არის 100%-ით ფატალური. ვაქცინაციის შემთხვევაში კი 100%-ია, რომ ამის პრევენცია მოხდება. არსებობს მოსაზრება, რომ ცოფის ვაქცინა ანელებს ცხოველის ფიზიკურ ზრდას, ან რაიმე თვისებებზე ნეგატიურად ზემოქმედებს. ეს ყველაფერი არის სიცრუე და მითები, არ შეიძლება ამის საფუძველზე ჩვენ თვითნებურად დავარღვიოთ კანონი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

თბილისში უპატრონო ძაღლებს გამოკვებავენ და პოლიეთილენის ბოთლებს შეაგროვებენ

მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი შეიძლება იყოს ცოფის ამთვისებელი. დაკაწვრის, დადორბვლისა და დაკბენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.

ლომჯარიას თქმით, ადამიანებში ცოფის გამოვლენის სიხშირე საქართველოში წელიწადში ერთზე ნაკლებია. გასულ წელს დარეგისტრირდა ერთი შემთხვევა, 2018 წელს – ორი, ხოლო მანამდე სამი წელი არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. ამავდროულად, მისი თქმით, ცოფით დაინფიცირების განსაკუთრებით საშიშ კატეგორიას მონადირე ძაღლები განეკუთვნებიან.

ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ცოფზე წელიწადში 35 ათასიდან 49 ათასამდე ადამიანი იცრება.