თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მთავრობის მიერ დაგეგმილმა ცვლილებებმა წამლების ზედამხედველობის გამკაცრებისა და კლინიკებზე კონტროლის გაფართოების შესახებ გამოიწვია ბიზნესის უკმაყოფილება, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი წესები უამრავ პრობლემას შექმნის და ჯანდაცვის სექტორი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ზაალ კაპანაძის თქმით, მთავრობის მიერ ერთ-ერთი შეთავაზებული სიახლე ქვეყანაში შემოსული ახალი წამლების რეგისტრაციის ვადების გაზრდას ეხება.
„იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტო ასეთი განაცხადის დოკუმენტებს საკმაოდ დეტალურად სწავლობს და ეს საკმაოდ დიდი მასალა არის, უბრალოდ წამლის შესახებ კანონში შედის ცვლილება და ეს ვადები 7-დან 30 დღემდე იზრდება, რათა უფრო სრულყოფილად მოხდეს შესწავლა“, - განაცხადა კაპანაძემ TV Pirveli-ს ეთერში.
მისი თქმით, აღიარების პროცესი უკავშირდება გარკვეულ პროცედურებს, რომლებიც მოიცავს განაცხადის მიღებას, მიმართვას სხვა ქვეყნისთვის წამლის კვლევის დედნის და დასკვნის მიღების შესახებ, შემდეგ კი მიღებული დოკუმენტების დეტალურ შესწავლას.
მეორე ცვლილება შეეხება სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოებას კლინიკების კონტროლის კუთხით.
„ჩვენ ვალდებულები ვიყავით ამ შემთხვევაში, დოკუმენტების ამოღებისთვის მიგვემართა სასამართლოსთვის. სამართლო კი მხარეს, ანუ ამ შემთხვევაში სტაციონალურ სექტორს რთავდა მხარედ და მას უგზავნიდა შეტყობინებას“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, სასამართლო, პროცედურის შესაბამისად, აცნობებს კლინიკას დაგეგმილი შემოწმების მიზეზისა და არსის შესახებ.
„იყო ფაქტები დოკუმენტების გადაკეთების, შეცვლის ბევრი შემთხვევა, რითიც ის ძირითადი არსი დაკარგულა, რომლითაც მხარესთან დაკავშირებით შეგვეძლო მოქალაქის მიმართ განხორციელებული მომსახურების შესწავლა,”- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
რატომ წაართვეს ჩვილი მშობლებს - ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი >>
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სააგენტო სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე იქნება უფლებამოსილი ინსპექტორები მიავლინოს სამედიცინო დაწესებულებებში დოკუმენტების შესასწავლად.
რით არიან უკმაყოფილო ბიზნესმენები
„მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად გამიზნულია ადმინისტრირების გამარტივებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ, პრაქტიკაში არაერთ პრობლემას წარმოშობს და ჯანდაცვის სექტორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაში, რომელშიც მსხვილი ფარმაცევტული და სამედიცინო კომპანიები შედის.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტების მიღების შემდეგ გაიზარდება მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებები, გართულდება ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების პირობები, შესუსტდება სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სასამართლოს როლი.
ასოციაციის თვალსაზრისით, ბიზნესი უნდა იღებდეს მონაწილეობას მსგავსი ნორმების მიღებისას, რადგან ეფექტურობის გასაზრდელად მხოლოდ კონტროლის გამკაცრება არასაკმარისია და ამან შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის გაუარესება და კორუფციის ზრდა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან დაუყოვნებლივაა საჭირო კონსულტაციების დაწყება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისედაც კრიზისულ ვითარებაში მყოფი კომპანიებისათვის სრულიად დაუსაბუთებელი მარეგულირებელი წნეხის შექმნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კლინიკების 80% კერძოა და სამედიცინო კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს.
ცვლილებები შედის „ჯანდაცვის შესახებ“ და „მედიკამენტებსა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონებში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. დღეისათვის ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ მთავრობის დონეზე. პარლამენტს მათზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია.