როდიდან დაიწყება დაჯარიმება პირბადის არქონის გამო - ახალი განმარტებები

საზოგადოებას აინტერესებს, სავალდებულოა თუ არა პირბადის ტარება ბავშვებისთვის, მათთვის, ვისაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია, ასევე შშმ პირებისთვის
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაჯარიმება დაიწყება მხოლოდ პირბადის ტარების წესების დამტკიცების შემდე, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

არცერთი ნაბიჯი უნიღბოდ: საქართველოში ჯარიმები ამოქმედდა

შაბათს ძალაში შევიდა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში 20 ლარიან ჯარიმებს გულისხმობს.

„წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე იქნება გამოქვეყნებული და შესაბამისად, როდესაც ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით და სავარაუდოდ ეს იქნება ორშაბათი დღე, უკვე ორშაბათიდან, თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედებს ის ადმინისტრაციული სანქციები, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ წესების გამოქვეყნებამდე პოლიცია დამრღვევებს არ დააჯარიმებს.

კანონპროექტის მიღების შემდეგ საზოგადოებაში პირბადეების ტარების წესთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. კითხვების ძირითადი ნაწილი ეხება ბავშვებს, ასევე მათ, ვისაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია, ასევე შშმ პირებს.

ადრე ცვლილებების ინიციატორები აცხადებდნენ, რომ მათ, ვისაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, ექიმის ცნობა დასჭირდებოდათ.