თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. მსოფლიოში აღიარებული ქართული წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დასახმარებლად ონლაინ-კონცერტს გამართავს. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, თუ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს გამოვადგე და გადავწყვიტე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შევუერთდე, რომლებმაც საქართველოში ახალი კორონავირუსის კრიზისის დროს შთამბეჭდავად იმუშავეს“, - ამბობს მელუა.
ქეთი მელუამ მსმენელებს სთხოვა, მიეწერათ რომელი სიმღერების მოსმენა უნდათ ონლაინ-კონცერტზე, რომელიც 27 ივნისს გაიმართება.
კონცერტის ნახვა პირდაპირ ეთერში შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი. კონცერტის მიზანი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
ქეთი მელუა 1984 წელს საქართველოში დაიბადა. ის ერთი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. ხუთ თვეში ამ ალბომის 1,2 მილიონი ასლი გაიყიდა.
„ცუდად ვარ, არა მარტო მე!..“ – ლელა წურწუმია დახმარებას ითხოვს >>
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქეთი მელუა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის „ღირსებით ორდენით“ დააჯილდოვა. ხოლო 2018 წელს, როდესაც ქეთი თბილისში უფასო კონცერტით გამოდიოდა, მას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.