ბათუმში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც საკათედრო ტაძარი გაქურდა

გაირკვა, რომ ეკლესიაში ქურდობის გარდა, ბრალდებულმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე კიდევ რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 27 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ფულადი თანხის ქურდობა ედება ბრალად, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.

არ გაუმართლათ: როგორ გაებნენ ქართველები ათენში ქურდობისას ბინის მეპატრონის ხაფანგში

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, რომელიც წარსულშიც ქურდობისთვის არის ნასამართლევი, მიმდინარე წლის 2 ივნისს ტაძარში შეაღწია და 30 ლარი და საეკლესიო ნივთები მოიპარა.

ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მარტში, ბათუმში, ერთ-ერთ მოქალაქეს საფულე და მობილური ტელეფონი მოჰპარა, ხოლო მაისში - სავაჭრო ჯიხური გაქურდა და გასაყიდ სუვენირებს უკანონოდ დაეუფლა.

გამოძიება გრძელდება სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში ქურდობა ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში რეგისტრირებულია 6,2 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც 1900 სადგომში შეღწევით არის ჩადენილი.