ინვესტიციები ორჯერ შემცირდა: რატომ აბანდებენ ნაკლებს საქართველოში?

2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალია 2009 წლიდან, როდესაც ის 114,5 მლნ დოლარს შეადგენდა.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2020 წლის პირველ კვარტალში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 41,7%-ით შემცირდა გასული წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით და 165,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალია 2009 წლიდან (114,5 მლნ დოლარი).

საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ 2020 წლის პირველ კვარტალში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, აშშ და პანამა. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი 120,8 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ინვესტიციების მთელი მოცულობის 73%-ია.

ინვესტიციები ასევე შემოვიდა დანიიდან (11,6 მლნ დოლარი), ნიდერლანდებიდან (11,2 მლნ დოლარი), თურქეთიდან (11,1 მლნ დოლარი), რუსეთიდან (10,8 მლნ დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.

სად იდება ინვესტიციები

საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები. ამ სფეროებში შემოსული თანხა 165,4 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების 87,5%-ს.

ინვესტიციები ასევე ხორციელდება სხვა დარგებში: კავშირგაბმულობა (12,8 მლნ დოლარი), სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (10,4 მლნ დოლარი), მშენებლობა (7,7 მლნ დოლარი), ტრანსპორტი (6,4 მლნ დოლარი), გადამამუშავებელი მრეწველობა (4,5 მლნ დოლარი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (3,5 მლნ დოლარი) და ა.შ.

რატომ შემოვიდა ნაკლები ინვესტიცია

ეკონომიკური გაურკვევლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის და ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე შეიქმნა, კვლავ გრძელდება.

რამდენად დააზარალებს საქართველოს კორონავირუსის პანდემია - მოვლენების განვითარების სცენარი

ქართულმა საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ჩაატარა კვლევა და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლო რისკები დაადგინა.

Galt&Taggart-ის პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში შესაძლებელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი განვითარდეს: ოპტიმისტური, საშუალო სიმძიმის და პესიმისტური.

სამივე სცენარი გულისხმობს ქვეყნისთვის ძირითადი შემოსავლების შემცირებას – ეს არის უცხოური ინვესტიციები, გზავნილები, ექსპორტი და ტურიზმი, სხვაობა მხოლოდ იმ თანხაშია, რომელიც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს.

ფინანსისტ რამაზ გერლიანის თქმით, არაკეთილსაიმედო შედეგი ძირითადად არასწორი და არახელსაყრელი საინვესტიციო გარემოს დამსახურებაა, ხოლო კორონავირუსის პანდემიის წვლილი ინვესტიციების მასშტაბურ ვარდნაში არც ისე დიდია.

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ >>

„წინასწარ რთულია და არასწორიც პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ნამდვილად სავარაუდო იყო ეს შედეგი, რაშიც მცირედი წვლილი კორონავირუსსაც აქვს. არასწორი და ცუდი საბაზრო პირობები, ლიკვიდურობის არარსებობა, კაპიტალიზაციის დაბალი დონე – ეს არის ინვესტიციების ნაკლებობის ძირითადი მიზეზები. როგორც წესი, არავის სურს ასეთ პირობებში ფულის ჩადება“, – განაცხადა გერლიანმა გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

პროგნოზები და რეკომენდაციები

საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირება მიმდინარე წლის მომდევნო სამ კვარტალშიც არის მოსალოდნელი, განაცხადა ფინანსისტმა რამაზ გერლიანმა.

საქართველოს ინვესტიციების მოსაზიდად ამბიციური გეგმები აქვს

„დღეს საქართველოს უკვე აღარ აქვს სახარბიელო მდგომარეობა საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით. შესაბამისად, წლის დარჩენილ პერიოდშიც აუცილებლად ვარდნა გვექნება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ და ორ დღეში არ წყდება ინვესტიციების დაბანდების საკითხი“, – განაცხადა გერლიანმა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ სწორი ნაბიჯების გადადგმის გარეშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ბედი ბუნდოვანია.

„ორი ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ეს არის კერძო საკუთრების სრულად ფორმირება და პარალელურად – საგადასახადო ლიბერალიზაცია. ასეთ შემთხვევაში მართლაც გვექნება ინვესტიციების ბუმი, მით უფრო, როცა საერთაშორისო ბაზარზე არ არის სხვებისათვის სახარბიელო მდგომარეობა“, – განაცხადა გერლიანმა და აღნიშნა, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტები მთავრდება, ახლები კი არ იწყება.

მისი თქმით, თუ ამ ორი ნაბიჯიდან არც ერთი არ გადაიდგა, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლის საკითხი მომავალშიც ბუნდოვანი იქნება.