აზიის ბანკი საქართველოს პანდემიის შემდგომი კრიზისის დაძლევაში დაეხმარება

აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხები საშუალებას იძლევა, შემსუბუქდეს კრიზისის ნეგატიური გავლენა ბიზნესზე და გამოიყოს თანხები მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისთვის.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება და ქვეყნის მთავრობას 100 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში კრედიტს გამოუყოფს, ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

მსოფლიო ბანკი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმარება

„კორონავირუსმა საქართველოს – მნიშვნელოვანი სავაჭრო და ტურისტული ჰაბის ჯანდაცვა და ეკონომიკა დიდი რისკის წინაშე დააყენა. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პანდემიის საპასუხო ქმედებებში. ეს კომპლექსური პაკეტი ქვეყნისთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოწყვლადი ჯანდაცვის სისტემის დასაცავად საქართველომ დაავადების გავრცელების შემაკავებელი ნაბიჯების გადადგმა იანვარში დაიწყო, მაგრამ პანდემიამ ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. გაადაადგილების შეზღუდვამ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორს მიაყენა დარტყმა და, შედეგად, გასული წლის მარტთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 60%-ით შემცირდა.

პროგრამა CARES (აქტიური რეაგირება და ხარჯვითი დახმარება) საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. დაფინანსება მოიცავს ტურისტული სექტორის 4000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების გადავადებასა და მინიმუმ 2000 მცირე და საშუალო სასტუმროსთვის კრედიტების სუბსიდირებას. 

საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი: ხელისუფლება პრიორიტეტებს გადახედავს

სესხი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვასაც მოხმარდება, რაც მოიცავს პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი 350 ათასი დასაქმებულის დროებით ფინანსურ დახმარებას; 250 ათასი თვითდასაქმებული მოქალაქის და 1,2 მილიონი ოჯახისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას. გარდა ამისა, ცხრა ძირითად პროდუქტზე  ექვსი თვის მანძილზე ფასები ფიქსირებული იქნება.

აზიის განვითარების ბანკის პაკეტი (CARES) შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოში COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად კოორდინირებული მუშაობის ფარგლებში.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ორგანიზაცია, რომელიც 1966 წელს დაარსდა, აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარს 2007 წლიდან უჭერს და მისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის დღემდე გამოყოფილი ვალების საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.