COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთი საგანგებო მდგომარეობას ერთი თვით ახანგრძლივებს:ფაშინიანმა მთავრობის სხდომა მოიწვია

კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა უკვე თითქმის სამი თვე მოქმედებს. ახლა ის მესამედ გახანგრძლივდება
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპირებს კიდევ ერთი თვით გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ამ მიზნით 12 ივნისს მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

„ჩვენ ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი აქტუალური რჩება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

გახარია: საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე მოიწვევენ პარლამენტის სხდომას, რომელზე ასევე განიხილება აღნიშნული საკითხი.

16 მარტს სომხეთის მთავრობამ პირველად დაუჭირა მხარი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადებას, ის 14 აპრილს შემოიღეს. მოგვიანებით ის 13 ივნისამდე გააგრძელეს.

18 მაისიდან რესპუბლიკაში ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, მოლები, მთლიანად მოიხსნა აკრძალვა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობაზე, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ღია ცის ქვეშ მუშაობის უფლება ჰქონდათ. 4 ივნისიდან სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 14 669-ს შეადგენს. გასულ დღე-ღამეში 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 245 ადამიანი, აქედან 18 გასულ დღე-ღამეში დაიღუპა. კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 82 (გასულ დღე-ღამეში - 5). ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 5 466-მა ადამიანმა დაამარცხა. სტაციონარებში 8 876 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში სულ 75 389 ტესტი ჩატარდა.